ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: არჩევნებში ვმონაწილეობ, რადგან დემოკრატიის ბედი წყდება


ორშაბათს, ნიუ იორკში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარდამჭერებს შეხვდა და განაცხადა, რომ გაისად არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რადგან კვლავ სასწორზეა დემოკრატიის მომავალი. “ბევრი ადამიანი ჩემ ასაკზე ამახვილებს ყურადღებას. კარგად მესმის მათი. დამიჯერეთ, მე უკეთ ვიცი,” თქვა 80 წლის პრეზიდენტმა.

2020 წლის არჩევნებში ბაიდენმა მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა და გაისად, შესაძლოა, კვლავ მასთან მოუხდეს დაპირისპირება. “არჩევნებში ვმონაწილეობ, რადგან დემოკრატიის ბედი წყდება. ეჭვი არ შეგეპაროთ, დონალდ ტრამპსა და მის მომხრე რესპუბლიკელებს ამერიკული დემოკრატიის განადგურება სურთ. მე ყოველთვის დავიცავ და ვიბრძოლებ ჩვენი დემოკრატიისათვის”, განაცხადა ბაიდენმა.

დღეს, 19 სექტემბერს, პრეზიდენტი ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში.

კვირას, "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში დონალდ ტრამპმა გაიხსენა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამავე დროს მის მიმართ საკმაოდ მკაცრიც იყო. ტრამპის განცხადების პასუხად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის პუტინის მსგავსი დიქტატორების გვერდით არ დადგება: “ტრამპმა და მისმა მეგობრებმა [პუტინს] შეიძლება, თავი დაუხარონ, მაგრამ მე ამას არ ვიზამ".

XS
SM
MD
LG