რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთის რეგიონებზე ახალი იერიში მიიტანა. თავდასხმების ახალი ტალღის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და დაზიანდა მარცვლეულის ექსპორტის ობიექტები. ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ 23 აგვისტოს განაცხადა.
პარალელურად, რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა თავდასხმაში, რომელმაც მოსკოვის ინფორმაციით, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამასთან, რუსეთის ცნობით, მოსკოვზე დრონების გამოყენებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინაში კი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სუმის რეგიონის, ქალაქ რომნიში, რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი სკოლის ორი თანამშრომელი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ „ტვიტერზე“ დაწერა და დასძინა, რომ სკოლა მთლიანად განადგურდა და კიდევ ორი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
ამასთან, დრონების გამოყენებით რუსეთის თავდასხმამ ოდესის რეგიონში, რომელიც სამ საათს გრძელდებოდა, დააზიანა მარცვლეულის საწყობები.
„საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ირანული წარმოების ცხრა დრონი. სამწუხაროდ, დაზიანდა საწარმოო-სატრანსპორტო კომპლექსები და გაჩნდა ხანძარი 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე. დილის 6 საათის მდგომარეობით ხანძარი ლოკალიზებულია. დაზიანებულია მარცვლეულის საწყობები“, - თქვა რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა 23 აგვისტოს „ტელეგრამზე“ და განაცხადა, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ აფეთქებები მოხდა ისმაილში, ერთ-ერთ უკრაინულ პორტში დუნაიზე, რომელსაც კიევი მარცვლეულის ექსპორტისთვის მას შემდეგ იყენებს, რაც გაეროს მიერ მოლაპარაკებული შეთანხმება რუსეთმა გასულ თვეში დატოვა.
რუმინული მედია იტყობინება, რომ აფეთქებები ისმოდა ტულჩეაში, რუმინეთის პორტშიც, დუნაის სანაპიროზე, ისმაილიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ღამით გაშვებული 20 დრონიდან 11 ჩამოაგდეს. ცხრა ოდესის რეგიონში ჩამოაგდეს, ხოლო ორი - ზაპორიჟეს რეგიონში.
ხერსონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამზე“ და დასძინა, რომ 23 აგვისტოს გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიჭრა საჰაერო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო შენობებზე, მათ შორის საბავშვო ბაღზე.
"დაახლოებით დილის 4 საათზე რუსმა სამხედროებმა ორი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ შენობებზე. დაბომბვის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეებმა სასწრაფოდ გაანეიტრალეს,“ - წერს პროკუდინი. მისი თქმით, 22 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სოფელ ლავიში სანატორიუმზე დრონით თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონით ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს, როცა ხალხი ქუჩაში იმყოფებოდა“, - წერს ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“. მისი თქმით, ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.
რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე ღამით სამი დრონით მიიტანეს შეტევა და მათგან ორი ჩამოაგდეს, ხოლო მესამე - ელექტრონული საშუალებებით იქნა „ჩახშობილი“, მაგრამ კონტროლის დაკარგვის შემდეგ მოსკოვის ბიზნეს კომპლექსში მშენებარე შენობას დაეჯახა. სამინისტროს ცნობით, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ფონზე, მოსკოვის სამმა აეროპორტმა - ვნუკოვომ, დომოდედოვომ და შერემეტევომ - ფრენები დროებით შეაჩერა. სამინისტრომ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
მოსკოვი გასული კვირების განმავლობაში რეგულარულად ხდება დრონებით თავდასხმების სამიზნე.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლის ველზე უკრაინული ძალები წინსვლას აგრძელებს სამხრეთით სტრატეგიულ ქალაქ მელიტოპოლისკენ, სოფელ რობოტინეს აღების შემდეგ. გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები დონეცკისა და ხარკივის რეგიონებში. რობოტინე არის მნიშვნელოვანი პუნქტი მელიტოპოლის გზაზე, ზაპოროჟიის რეგიონში.
Facebook Forum