ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, თუმცა საპრეზიდენტო კამპანია სწორედ ახლა გადადის აქტიურ ფაზაში. რესპუბლიკელი ამომრჩევლის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრშია კითხვა: ვინ იქნება მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეტოქე 2024 წლის ნოემბერში?
რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატებმა ჯერ პარტიის ნომინაცია უნდა მოიპოვონ. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესი სწორედ დებატების და შიდაპარტიული კენჭისყრების სერიაა.
23 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე პირველი დებატები გაიმართება. ის ქალაქ მილუაკიში, უისკონსინის შტატში შედგება. დებატებს ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსი“ და მისი ჟურნალისტები წარმართავენ და ის დაახლოებით ორ საათს გაგრძელდება.
კანდიდატებს არ ექნებათ საკუთარი გამხსნელი სიტყვის წარმოთქმის საშუალება, თითოეულ შეკითხვაზე საპასუხოდ კი 1 წუთი მიეცემათ. დამატებით 30 წამს მიიღებენ დამაზუსტებელი პასუხებისთვის და 45 წამს დასკვნითი, შემაჯამებელი განცხადებებისთვის. ყველა მიკროფონი ტრიბუნაზე იქნება მიმაგრებული და ისინი მთელი ორი საათის განმავლობაში ჩართული იქნება.
მილუაკი არა მხოლოდ დღევანდელ პირველ დებატებს, არამედ მომავალი წლის ივლისში რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენციასაც უმასპინძლებს. უისკონსინის მნიშვნელობას საარჩევნო კამპანიისას, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ABC-ის თანახმად, წინა 6 საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4-ში, ამ შტატში კანდიდატების ბედი 1 %-ზე ნაკლებმა განსხვავებამ გადაწყვიტა. 2020 წელს ჯო ბაიდენმა შტატი სულ რაღაც 21 000 ათასი ხმით - 0. 56 %-იანი უპირატესობით მოიგო. 2016 წელს დონალდ ტრამპმა კი - 0.77 %-ით დაამარცხა ჰილარი კლინტონი.
ვინ მონაწილეობს დებატებში?
რესპუბლიკელთა ეროვნულ კომიტეტს კონკრეტული კრიტერიუმები აქვს დაწესებული, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კანდიდატს დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლია. მან უნდა წარმოადგინოს მისი კამპანიისთვის 40 000-მდე ინდივიდუალური დონორი (მათგან სულ მცირე 200 დონორი 20 ან მეტ შტატში), ჰქონდეს სულ მცირე 1 %-იანი მხარდაჭერა იმ დრომდე ჩატარებულ სამ ეროვნული მასშტაბის გამოკითხვაში, ან ორ ეროვნულ კვლევაში და ერთ ისეთ შტატში, სადაც პირველი პრაიმერები იმართება, ანუ აიოვაში. მათ ასევე უნდა დადონ ფიცი, რომ მხარს დაუჭერენ რესპუბლიკური პარტიის საბოლოო ნომინანტს და მონაწილეობას არ მიიღებენ ისეთ დებატებში, რომელიც პარტიის ეროვნული კომიტეტის მიერ არ იქნება სანქცირებული.
დონალდ ტრამპმა, რომელსაც სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება ნამდვილად არ უჭირს, ამ ფიცის ხელმოწერაზე უარი თქვა. ორშაბათ საღამოს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ დებატებში მონაწილეობას 8 კვალიფიცირებული კანდიდატი მიიღებს:
- რონ დესანტისი - ფლორიდის გუბერნატორი
- ნიკი ჰეილი - ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში
- კრის კრისტი - ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი
- დაგ ბარგამი - ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი
- ვივეკ რამასვამი - მეწარმე
- ტიმ სკოტი - სამხრეთ კაროლინის სენატორი
- მაიკ პენსი - ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
- ასა ჰაჩინსონი - არკანზასის ყოფილი გუბერნატორი
უკვე ცნობილია ისიც, თუ როგორი თანმიმდევრობით იდგებიან კანდიდატები სადებატო სცენაზე. ცენტრში დესანტისი და რამასვამი იქნებიან. დესანტისის მარჯვნივ პენსი იდგება, რამასვამის მარცხნივ კი - ნიკი ჰეილი. რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის ცნობით, ეს რეიტინგების შესაბამისადაა ორგანიზებული - ცენტრში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატები იდგებიან, რეიტინგის კლების მიხედვით კი - სცენის განაპირას.
დონალდ ტრამპი - „საკმარისად ნაცნობი“
ამერიკის ყოფილი პრზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთა პირველ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ტრამპის თქმით, ის გამოკითხვებში ისედაც დიდი უპირატესობით სარგებლობს და ამომრჩევლისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი "ისიც და მისი წარმატებული პრეზიდენტობაც". ტრამპი თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ დებატებს გამოტოვებდა, რათა რესპუბლიკელი მეტოქეებისთვის მასზე თავდასხმის საშუალება არ მიეცა. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას რესპუბლიკელ ამომრჩეველს შორის „ლეგენდარული“ მხარდაჭერა აქვს.
"საზოგადოებამ იცის ვინ ვარ მე და რამდენად წარმატებული პრეზიდენტობა მქონდა. ამიტომ მე დებატებში არ ჩავერთვები", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "სიმართლეში". ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მმართველი გუნდი ჯერჯერობით არ აკეთებს კომენტარს იმაზე, გამოტოვებს თუ არა დონალდ ტრამპი ყველა სხვა დებატებსაც. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ტაკერ კარლსონს, „ფოქს ნიუსის“ ყოფილ ცნობილ წამყვანს. არსებობს ვარაუდი, რომ ინტერვიუ სწორედ დებატების დროს გამოქვეყნდება და ამომრჩეველთა ნაწილის ყურადღებასაც მიიქცევს.
ტელეკომპანია CBS-ის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი სხვა კანდიდატებს ურჩევნია გამოკითხულ რესპუბლიკელთა 62 %-ს, ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს კი რესპუბლიკელების 16 % უჭერს მხარს. სხვა კანდიდატებს 10 %-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ. ერთ-ერთ სხვა გამოკითხვაში, რომელიც "როიტერს"-"იპსოსის" მიერ ჩატარდა, ტრამპს ქვეყნის მასშტაბით რესპუბლიკელებში 47 % უჭერს მხარს, დესანტისს კი ივლისის შემდეგ 6 %-ით უფრო ნაკლები, 13 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დებატებში მონაწილე ყველა სხვა კანდიდატს მხოლოდ ერთნიშნა რეიტინგი აქვს.
ტრამპი, როგორც დებატების თემა
ტრამპი, რომელიც დებატებში ფიზიკურად არ მონაწილეობს, სავარაუდოდ განხილვის უმნიშვნელოვანესი თემა იქნება. "ფოქს ნიუსის" წამყვანები ამბობენ, რომ ისინი კანდიდატებს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შესახებაც ჰკითხავენ. რესპუბლიკელ ლიდერთა უმეტესობა პრეზიდენტის ქმედებების დაგმობას ერიდება. კანდიდატთაგან ზოგმა მისი შეწყალების პირობაც კი დადო, ზოგიც მეტწილად ირიბად პასუხობს შეკითხვებს, თუმცა ამჯერად მათ ამ კითხვებისგან თავის არიდების საშუალება არ ექნებათ.
ის, რომ დონალდ ტრამპი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ სხვა კანდიდატების თავდასხმის ობიექტი შედარებით უფრო პოპულარული რონ დესანტისი გახდება. ის ამ ზაფხულს ტრამპს 30-მდე პროცენტით ჩამორჩება, თუმცა სხვებს მაინც უსწრებს. ზოგადად კი, რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ეცდებიან ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ იყვნენ ტრამპის რეალური ალტერნატივა.
პარალელურად კი დონალდ ტრამპს რამდენიმე სასამართლოს წინაშე უწევს თავის მართლება. ჯორჯიის სასამართლომ მას გამოსაცხადებლად ვადა პარასკევამდე მისცა. ეს მას შემდეგ, რაც გასული კვირის დასაწყისში, მას სისხლის სამართლის მეოთხე ბრალი წაუყენეს. ტრამპი ატლანტაში, სასამართლოში გამოცხადებას და ოფიციალურ „ჩაბარებას“ ხუთშაბათს აპირებს.
ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი, დონალდ ტრამპის ყოფილი ახლო მოკავშირე, მის აქტიურ კრიტიკოსად იქცა, სავარაუდოდ ის ყოფილ პრეზიდენტს დაუფარავად გააკრიტიკებს. დონალდ ტრამპს 6 იანვრის შემდეგ დაუპირისპირდნენ მისი ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და არკანზასის ყოფილი გუბერნატორიც, შესაბამისად, ტრამპის კრიტიკას მათგანაც მოელიან. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სხვა კანდიდატები სავარაუდოდ, ღია კრიტიკისგან თავს შეიკავებენ, რათა ყოფილი პრეზიდენტის ერთგული ამომრჩეველი არ გაანაწყენონ. გამოკითხვები აჩვვენებს, რომ სისხლის სამართლის ის საქმეები, რომელშიც ტრამპს 4 შტატში სდებენ ბრალს, მისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია და ეს მის რეიტინგებს არ აზარალებს. თუმცა პრობლემას უქმნის სხვა კანდიდტებს.
დებატების მთავარი თემები
რას ნიშნავს დებატებში გამარჯვება?
მართალია ყოფილი პრეზიდენტი გამოკითხვებში დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარტიის დებატებს მნიშვნელობა არ აქვს. იმ გამოკითხვების მიხედვითაც კი, რომელთა თანახმადაც ამომრჩეველთა თითქმის 2/3 ტრამპს უჭერს მხარს, იგივე გამოკითხულთა 91 % ამბობს, სურს, ამ კანდიდატებმა საკუთარ გეგმებზე და ხედვაზე ისაუბრონ, საკუთარი მიდგომები წარმოადგინონ და დებატები არ იყოს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ირგვლივ.
გასულ კვირას გამოქვეყნებული CBS და YouGov-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლები დებატებს ინტერესით ელოდებიან და ამბობენ, რომ სურთ ნახონ, რა აქვთ სხვა კანდიდატებს სათქმელი. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დებატების შემდეგ მათ შესაძლოა მათთვის უფრო მისაღები და სასურველი კანდიდატი ამოიცნონ. წინა საპრეზიდენტო არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ დებატების გავლენაც შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგალითად, 2016 წელს დონალდ ტრამპის რეიტინგი პირველი დებატებისას 24 % იყო, მეორე დებატების დროისთვის კი მხოლოდ 30%-ზე ოდნავ მეტად გაიზარდა. მეორე კანდიდატ ნეიროქირურგ ბენ კარსონს კი გამოკითხვებში უდიდესი ნახტომი ჰქონდა - პირველი დებატების დღის 5.8 %-იდან 20%-მდე მის შემდეგ.
ასე რომ დებატების შემდეგ, შესაძლოა რომელიმე კანდიდატის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შეიძლება - არც. მაგრამ გინდაც ასე მოხდეს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავარი ისაა, საკმარისად დაწინაურდება თუ არა ვინმე საიმისოდ, რომ დონალდ ტრამპისადმი მხარდაჭერას გაუთანაბრდეს. ექსპერტების აზრით, მთავარი ახლა ყველა კანდიდატისთვის ისაა, რომ თავი ტრამპის სოლიდურ ალტერნატივად წარმოაჩინოს.
მომდევნო დებატები
რესპუბლიკელთა მეორე დებატები 27 სექტემბერს უნდა გაიმართოს, კალიფორნიაში, პრეზიდენტ რეიგანის ფონდსა და ინსტიტუტში. მეტი დეტალი მეორე დებატების შესახებ ჯერ ცნობილი არაა.