ზემო რაჭაში დამანგრეველი ღვარცოფის მოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მაშველებმა ორი ცხედარი კურორტ შოვის ტერიტორიაზე დღეს იპოვეს.
შსს-ს ცნობით, ცხედრების ნაწილი ძლიერ არის დაზიანებული, ამიტომ მათი ამოცნობა ვერ მოხერხდა. „ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად" - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ვერტმფრენით შეიყვანა შოვში, ღვარცოფის დროს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები. ამ დროისთვის 20-ზე მეტი ადამიანი ისევ დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შსს და თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეები.