ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმის ხიდზე კვლავ თავდასხმა მოხდა - არიან დაშავებულები და დაღუპულები 


ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ, ყირიმის ხიდზე თავდასხმა მოხდა. დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხიდზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით, დრონით მოხდა.

აფეთქება, რუსეთსა და მის მიერ უკანონოდ ანექსირებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს შორის დამაკავშირებელ ხიდზე მსხვერპლით დასრულდა. დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე, ხოლო მათი 14 წლის შვილი დაშავდა. ოჯახი დასასვენებლად ყირიმის ნახევარკუნძულზე მიდიოდა. ირკვევა, რომ დაღუპულია ალექსი და ნატალია, ხოლო 14 წლის ანჯელინა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ტერიტორიაა, რომელიც 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ უკანონოდ არის ანექსირებული.

ტელეკომპანია CNN-თან საუბრის დროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ თავდასხმა ყირიმის ხიდზე უკრაინამ განახორციელა და ეს უკრაინის საზღვაო და უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა. წყარომ ინფორმაცია ამერიკულ ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვით მიაწოდა. ოფიციალურ კიევს, მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია და არც პასუხისმგებლობა აუღია.

თავდასხმის მიზეზად ის სახელდება, რომ რუსეთი ხიდს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს და ამარაგებს საკუთარ ჯარებს, რომლებსაც იერიში მიაქვთ უკრაინულ ქალაქებზე.

კრემლმა განაცხადა, რომ ეს ტერორისტული აქტია და მწვავე რეაგირება ექნებათ. განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით დმიტრი მედვედევმა და კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთეს. პესკოვი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობს ვლადიმირ პუტინი, რომელიც უახლოეს საათებში ჟურნალისტებისთვის პირველ განცხადებასაც გააკეთებს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მომხდარიდან რამდენიმე საათში მკაფიოდ ამბობენ, რომ თავდასხმის უკან კიევი დგას.

კიევში ამ დრომდე საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG