ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვას ნატოსთან "დაჩქარებული თანამშრომლობა" სურს


მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ ამბობს, რომ მისი ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტირების გზა მხოლოდ ევროკავშირში მისი საბოლოო წევრობა და ნატოსთან "გააქტიურებული, დაჩქარებული თანამშრომლობაა".

კიშინიოვში მსჯელობენ, მუშაობს თუ არა ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოლდოვა, სადაც მოსკოვი სეპარატისტებს ახლაც ეხმარება, ნეიტრალური დარჩა.

მას შემდეგ რაც, 2020 წლის ნოემბერში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მოქმედი პრეზიდენტის იგორ დოდონის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის სათავეში, პრეზიდენტი მაია სანდუ მოვიდა, მოლდოვამ მტკიცე პროდასავლური პოზიცია დაიკავა და უკრაინას ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან აქტიურად უჭერს მხარს. კიშინიოვმა გასულ წელს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა.

მაისში სანდუმ თქვა, რომ ნეიტრალიტეტი მართალია, კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, მაგრამ ეს მოლდოვის საზოგადოებისთვის სულ უფრო და უფრო აქტიური განხილვის თემად იქცა და ამიტომ ის მზადაა გადახედოს ამ საკითხს, თუ მოლდოველ ხალხს ეს ენდომება.

ნიკუ პოპესკუმ "რადიო თავისუფლებას" 11 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტზე განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ დაასკვნა, რომ ნეიტრალიტეტი არ არის საკმარისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ მმართველ პარტიას არ აქვს საკმარისი ხმები პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად.

„მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენ გვაქვს ნეიტრალიტეტის შესახებ პოლიტიკური დებატები და დებატები ჩვენს საზოგადოებაში. ამ ეტაპზე გვაქვს იგივე კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ 1994 წელს“, - განაცხადა პოპესკუმ.

თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოსთან მჭიდრო კავშირების ძიება მოლდოვისთვის საუკეთესო გზაა უსაფრთხოებისთვის.

„მოლდოვის რესპუბლიკას შეუძლია უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, მშვიდობა, კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება ევროპული ქვეყნების ოჯახში მტკიცედ ინტეგრაციით, ევროკავშირში გაწევრიანებით და ნატოსთან ინტენსიური და დაჩქარებული თანამშრომლობით“, - თქვა პოპესკუმ.

პოპესკუმ განმარტა, რომ უკრაინის ბრძოლის შედეგად, მოლდოვა დღეს უფრო უსაფრთხოა. მისი თქმით, კიევის ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოება სარგებელს მოუტანს მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„რეალობა ისაა, რომ უკრაინის გამძლეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა ამჟამად მშვიდადაა. სწორედ უკრაინის უნარი, გაუძლოს სასტიკ რუსულ აგრესიას, ინარჩუნებს მშვიდობას მოლდოვის რესპუბლიკაში“, - განაცხადა პოპესკუმ. „ცხადია, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ეხმარება უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში, რომელიც ეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე ხელს უწყობს მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების განმტკიცებას“, - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG