ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ რიკერი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის


კავკასიაში შექმნილ ვითარებას ფილიპ რიკერი აფასებს. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. რიკერი ასევე გახლდათ აშშ-ის ყოფილი უფროსი მომლაპარაკებელი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხებში. მას "ამერიკის ხმის" სომხური რედაქცია ესაუბრა.

რიკერის თქმით, რუსეთის აგრესიამ და ანექსიამ უკრაინაში, იმოქმედა მთელ კავკასიის რეგიონზე. მისი აზრით, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამხრეთ კავკასია რთულ რეგიონში იმყოფება და რთულ მეზობლებს ესაზღვრება. “2014 წელს ყირიმის ანექსიამ და რუსეთის არალეგალურმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ეს. საქართველო ამის მაგალითია, სადაც ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი, ანუ 20% რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული. ეს 2008 წლის შემდეგ ძალიან დიდი ხანია გრძელდება, თუმცა ამ მდგომარეობამ სომხეთს და აზერბაიჯანს საკუთარი გზის განსაზღვრის მოტივაცია უნდა მისცეს“.

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე ფიქრობს, რომ ორი მოქიშპე ქვეყნის ლიდერი უნდა იკრიბებოდეს, ერთმანეთს უსმენდეს, ხვდებოდნენ ისე ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა ერთმანეთის შეშფოთება და აზრი მოისმინონ. “უსაფრთხოება ყველას უნდა. ეს მნიშვნელოვანია. ისიც ვიცით, რომ უსაფრთხოებას კეთილდღეობა მოაქვს, ამ რეგიონში სავაჭრო, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული განვითარების და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პოტენციალია შუა აზიიდან შავი ზღვის გავლით, რაც ყველას მოუტანს სარგებელს” - ამბობს ის.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ერთის მხრივ რუსეთის გადაწყვეტილებას აღედგინა ავიამიმოსვლა საქართველოში, და მეორეს მხრივ საქართველოს მთავრობის რეაქციას უკრაინის ომზე, რადგან მისი მიდგომები, ჟურნალისტის თქმით, სხვადასხვა დროს კრიტიკის საგანი გამხდარა, რიკერმა აღნიშნა: “ეს თავად საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. როგორც ადრე არაერთხელ გვითქვამს, საქართველომ გამოსცადა ის, თუ რის გაკეთება შეუძლია პუტინს, 2008 წელს შეიჭრა და ახლაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. საერთაშორისო თანამეგობრობას არ მოუხდენია ამ ტერიტორიების აღიარება, ევროკავშირმა კი ადგილზე სადამკვირვებლო მისია ჩააყენა მდგომარეობაზე თვალყურის სადევნებლად. სიტუაცია არასტაბილურია, რაც საქართველოს აფერხებს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევის გზაზე, რასაც ქართველები ესწრაფვიან და სურთ. ამიტომ, თითოელ ამ გამოწვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება კი ბევრ შესაძლებლობას ხსნის. ერთ-ერთია საქართველოში ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის დახმარებით სავაჭრო კავშირების გაღრმავება ყველასთვის. ასეთი უნდა იყოს ლიდერების შეხვედრის მიზანი”.

რიკერი დასძენს, რომ “სამივე ქვეყნის ინტერეშია დიალოგი და საქართველოს და მის პრემიერმინისტრს არაერთხელ გამოუთქვამს ინიციატივა, ბაქოს და ერევანს შორის შეხვედრისთვის შეეწყო ხელი. ამ რეგიონის ლიდერებზე ბევრია დამოკიდებული, მათ ხშირ კომუნიკაციას შეუძლია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, ეს კი ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან”, - თქვა რიკერმა.

წინასწარი ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა შესაძლოა 1 ივნისს მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტისას მოაწერონ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას.

სავარაუდოდ, გაიმათება სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG