მიმდინარე კვირაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებმა არაერთი საათი დაუთმეს მოსმენას, რომელიც იკვლევდა ჩინეთის მხრიდან აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ პეკინის ეკონომიკური ძლიერების აგრესიულად გამოყენების შედეგებს. კანონმდებლებმა იმსჯელეს იმ ზომებზეც, რომელთაც შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა პეკინის ძალისხმევის საპირწონედ მიმართოს.
ექვსზე მეტმა მოწმემ კანონმდებლებს მოუთხრო მეთოდებზე, რომლითაც ჩინეთი თავის ეკონომიკურ ძლიერებას იყენებს, რათა უფრო პატარა ქვეყნები აიძულოს მისთვის ხელსაყრელ სავაჭრო წესებს დათანხმდნენ. კონგრესში შეკრებილები ასევე გაეცნენ იმას, თუ როგორ ახდენენ ზეწოლას ბიზნესებზე, რომელთაც ჩინეთში მუშაობა სურთ, რათა მათ თავისი ინტელექტუალური საკუთრება დათმონ, რომელსაც შემდეგ ჩინელ კონკურენტებს აძლევენ.
სხვა მოწმეებმა ისაუბრეს ჩინეთის ეკონომიკურ წესებზე, რომელიც სი ძინპინის უფრო ფართო ამბიციის ნაწილია. ჩინეთის პრეზიდენტს სურს ქვეყანა გლობალურად დომინანტურ ეკონომიკურ მოთამაშედ აქციოს, რაც საბოლოდ მსოფლიო არენაზე შეერთებულ შტატებს გადაწონის.
ერთ-ერთმა მოწმემ, რობერტ ლაითაიზერმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობდა, ორივე მოსმენაზე თქვა: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს ეწეოდა“.
„ამერიკის ხმამ“ ჩინეთის საელჩოს ამ საკითხზე საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა, მაგრამ პეკინისგან აქამდე პასუხი არ მიუღია.
გასულ კვირაში, როდესაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ჩინური ეკონომიკური იძულების შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საჩივრის შესახებ დაუსვეს კითხვა, მან ბრალდებები ვაშინგტონისკენ მიმართა და ეკონომიკურ წნეხში სწორედ შეერთებულ შტატებს დასდო ბრალი. ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული ეკონომიკური ზომები „სერიოზულად არღვევს საბაზრო ეკონომიკის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.“