შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. გასული წლის ბოლომდე ეს კანონიერი ვაჭრობა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამ პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესეს, ეს სანქციების საფუძველი გახდება.
„კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“, უთხრა ობრაიანმა „ამერიკის ხმას“.
მან სანქციების პოტენციური დამრღვევები გააფრთხილა და თქვა, რომ „ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა“.
ობრაიენს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოდან ამ სახის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდება და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ყველა ქვეყანა დაიცავს, რადგან „ეს არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის საფუძველი“.
ობრაიანმა საქართველოს მხრიდან სანქციების დაცვის სხვა ასპექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეერთებული შტატები სისტემატურად მუშაობს ყველაზე მეტად მგრძნობიარე ნივთების იდენტიფიცირებასა და მათი ექსპორტის შეჩერებაზე.
ამერიკის გლობალური სანქციების კოორდინატორი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველ მოსამართლეებზე დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვაზე და მის მიზეზებზეც საუბრობს.
რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენას, ობრაიენს მიაჩნია, რომ პირდაპირი ეკონომიკური გავლენის გარდა, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მომავალზე გრძელვადიანი გავლენა ექნება.
„ვფიქრობ, შევდივართ პერიოდში, როდესაც ახალი ტექნოლოგიების კრებული გლობალურ ეკონომიკას შეცვლის. ამაში შედის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები, მწვანე რევოლუცია, ციფრული რევოლუცია, მიიღწევები ბიოინჟინერიაში. ვფიქრობ, ეს იქნება ეკონომიკური ზრდის შემდეგი დიდი ტალღის საფუძველი, ისევე როგორც ორთქლი იყო 250 წლის წინ. რუსეთი ამ სექტორებში მოთამაშე არ არის. მისი უნიჭიერესი ხალხი ქვეყნიდან მიდის, ბევრი მათგანი, მაგალითად, საქართველოში თუ სხვაგან. ხუთი, ათი წლის შემდეგ რუსეთს რომ შევხედოთ, ვფიქრობ, რუსეთისთვის შედეგი ძალიან სავალალო იქნება. ჩვენი გათვლებით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ათწლეულის ბოლომდე 20%-ით ნაკლები იქნება ვიდრე ის საქნციების გარეშე იქნებოდა“ - ამბობს ის.
სრული ინტერვიუ შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიენთან ნახეთ შაბათს, საღამოს 5:30-ზე, „ამერიკის ხმის“ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“, „ტვ-პირველის“ ეთერში.