ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი მაკკართის აფრთხილებს, არ შეხვდეს ტაივანის პრეზიდენტს


კევინ მაკკართი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
კევინ მაკკართი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

პეკინმა ვაშინგტონი გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკართი არ უნდა შეხვდეს ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს. ჩინეთი მოუწოდებს ამერიკას, არ "გაიმეოროს წარსულის კატასტროფული შეცდომა".

პეკინის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი ნაბიჯი ხელს არ შეუწყობს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში. არამედ, ეს ჩინელ ხალხს საერთო მტრის წინააღმდეგ კიდევ უფრო გააერთიანებს. განცხადება პეკინმა დღეს, 4 აპრილს გაავრცელა.

ოთხშაბათს, 5 აპრილს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი კევინ მაკკართი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში, ტაივანის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. მანამდე, ტაიპეის მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა პალატის ყოფილმა დემოკრატმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რომელიც გასულ წელს ტაივანში ვიზიტით იმყოფებოდა.

ოფიციალურმა პეკინმა მაშინაც გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ სპიკერის ვიზიტს მათ შორის დაძაბულობა მოჰყვებოდა. 2022 წლის აგვისტოში, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად სამხედრო ვარჯიშები ჩაატარა.

ამჯერად, პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ცენტრალურ ამერიკაში იმყოფებოდა და ის უკანა გზაზე, ლოს-ანჯელესში გაჩერებას გეგმავს, სადაც სპიკერ კევინ მაკკართისთან შეხვედრა იგეგმება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მსგავსი სატრანზიტო ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია და გადამეტებული რეაქციების საჭიროება არ არსებობს.

პეკინი თვლის, რომ ტაივანი მისი ტერიტორიაა. ტაივანს თვითმმართველი დემოკრატიული წყობა აქვს, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეჟიმს არ ემორჩილება. პეკინი ტაივანის მთავრობას სეპარატისტულს უწოდებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაიპეის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ამერიკის მხრიდან, რომელიც მართალია ცნობს ერთი ჩინეთის პრინციპს, თუმცა ინარჩუნებს სტრატეგიულ ბუნდოვანებას, ტაივანთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG