ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი: "ქართული ოცნების" გზავნილები უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან


სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი. მზია საგანელიძის ფოტო (RFE/RL)
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს პრეზიდენტი. მზია საგანელიძის ფოტო (RFE/RL)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გზავნილები ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია. პრეზიდენტის თქმით, "ჩვენი დეფეტიზმი [დამარცხების მიღება ბრძოლის გარეშე] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება".

დღეს, 9 თებერვალს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისევ მეორე ფრონტის გახსნის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს სამხედრო რესურსისა, რომ "რუსეთს დაუმძიმოს ვითარება", ამას არ გააკეთებს და ისინი "ქვეყანას არავის გაანადგურებინებენ".

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი "არ აუღია".

"ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარეს და მინიმუმ ბოლო 1 კვირაში, ათამდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ. ეს აჩვენებს რომ უპირატესობა ამ ეტაპზე, აქვს რუსულ მხარეს.

საერთო ჯამში, ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ყირიმი და დონბასის ნაწილი. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ხერსონის 80%, ასევე ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%".

ამასთან, კობახიძის თქმით, იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში". მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ამის უკან ვიღაცისთვის რაღაც ობიექტური ინტერესი შეიძლება, არსებობდეს".

ჟურნალისტის კითხვაზე, "ვის აქვს ეს ინტერესი?" - კობახიძე არ აკონკრეტებს კონკრეტულ ქვეყნებს და ამბობს: "დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ვიცით ჩვენ, ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე არ დავარქმევთ სახელს. გლობალური ომის პარტიას ვამბობთ, რათა არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG