ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა დეოკუპაციისთვის ბრძოლას აგრძელებს


უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის არმია ხერსონთან ფრონტის ხაზზე დამატებით ახალი რეგიონების დეოკუპაციის პროცესშია. რუსეთი კი სხვა ფრონტებს უტევს.

განსაკუთრებით დიდია უკრაინელთა ზეწოლა რუს სამხედროებზე ხერსონის მიმართულებით, სადაც ბრძოლები რეგიონული დედაქალაქიდან სულ 50 კილომეტში მიმდინარეობს. უკრაინელები იქ ახლა ცდილობენ სნიჰურივკის დასახლების გათავისუფლებას.

კირილ სტრემუსოვი, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი "ტელეგრამზე" გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ უკრაინის ჯარმა სნიჰურივკის ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზის ხაზი დაიკავა. თუმცა, მეორე ცნობაში სტრემუსოვი იმასაც წერს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინელთა იერიში წარმატებით მოიგერიეს.

ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხი რეგიონიდან, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა უკანონოდ რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა. ხერსონის ოლქის ტერიტორიას რუსეთი სრულად ამ დრომდე ვერ აკონტროლებს.

რუსული ქვედანაყოფები ამ დროისთვის დიდ აქცენტს აკეთებენ სხვა ფრონტებზე, ლუჰანსკის, დონეცკისა და ზაპორიჟიის მიმართულებით. ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში თავდაცვის გაძლიერების მიზნით, რუსეთი ე.წ. "დრაკონის კბილებს" ამზადებს. ლონდონი იუწყება, რომ ორ საწარმოში მიმდინარეობს "რკინა-ბეტონის პირამიდული ტანკსაწინააღმდეგო სტრუქტურების მომზადება, რომლებიც "დრაკონის კბილების" სახელითაა ცნობილი".

უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ჯარი აგრძელებს უკრაინული დასახლებების ინტენსიურ დაბომბვებს. იერიშები ხორციელდება დრონებით, მძიმე არტილერიით, თვითმფრინავებით და რაკეტებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის იერიშებს 9 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 24 კი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG