თბილისში საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა, შავი ზღვის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ახალი და ცვალებადი საფრთხეებისა და გარემოებების პირობებში. რუსული საფრთხე ბირთვული მუქარების ფონზე, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვისაა გამოწვევა.
კონფერენციის მასპინძელია ორგანიზაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო, რომელიც ბირთვული უსაფრთხეობის საკითხებზე 2011 წლიდან მუშაობს. წლევანდელი ფორუმი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ეხება, რიგით მეოთხეა.
ფორუმს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, შვედეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ფორუმი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.
რუსეთის მხრიდან პერმანენტული მუქარების ფონზე, ორი მიმართულება, რაც განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა, ეს გახლავთ შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოების საკითხი (საქართველო მასთან ერთად, როგორც რეგიონის ნაწილი) და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული ვითარება. რამდენად მზადაა საქართველო ბირთვული საფრთხისთვის? ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს ერთგვარ მარჩიელობას ჰგავს - ასე მიიჩნევს ექსპერტების ნაწილი.
ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს, ცალკე აღებული ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება სათანადო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. „ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ამ მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ქვეყნებს, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებს საერთაშორისო დონეზე... ბირთვული უსაფრთხოება მთელი მსოფლიოსთვის დღეს არის ძალიან აქტუალური, რუსეთის აგრესიის ფონზე ურკაინაში. ეს საკთხები აქტუალურია საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იყო მნიშვნელოვანი ფაქტები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ბირთვული და რადიაციული მასალების ტრანზიტის, უკანონო გატანის და ასე შემდეგ. ამ ფონზე, ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრების საქართველოში ჩატარება მისასალმებელია. საჭიროა ამ საკითხებზე მსჯელობა,“- ამბობს ლაშა დარსალია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც საქართველო ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს, ფაქტობრივად დაუცველია. რა ვითარებაა ბირთვული უსაფრთხოების მხრივ ამ რეგიონებში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საერთაშორისო ორგანიზაციები უძლურები არიან ამ მხრივ შეიასრულონ დამკვირვებლის როლი. „საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელზე კონტროლიც სათანადო დონეზე არ ხორციელდება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომდესაც დღეს მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვისაა ნომერი პირველი საკითხი ბირთვული უსაფრთხოება“,- ამბობს ლაშა დარსალია.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ ვართ თანადამფინანსებლები ფორუმის, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ზოგადად ბირთვულ და რადიოლოგიურ უსაფრთხოებას. ესაა ძალიან აქტუალური საკითხი, განსაკუთრებით რუსული მუქარების ფონზე, რომელიც არაფერთხელ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს განიხილავს სამთავრობო სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება.
რამდენად მზადაა საქართველო ბირთვული გამოწვვების წინაშე, არსებობს თუ არა თავშესაფრები ან თუნდაც საგანგაშო სიგნალის ორგანიზება თუ მოხერხდება, ამ დროისთვის უპასუხო კითხვებია.
„მსოფლიო დღეს ისევ დადგა ბირთვული საფრთხის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული. უფრო სწორად, რუსეთს არ მისცემენ მისი გამოყენების საშუალებას. თუ აქამდე ბირთვული იარაღი წარმოადგენდა შემაკავებელ ფაქტორს, არსებობდა გარკვეული პარიტეტი, ახლა ეს პარიტეტი დარღვეულია. რამდენად მზადაა საქართველო ამისთვის? ვთქვათ, ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ბირთვული აფეთქება? როგორ შეიძლება ქვეყანა ამას შეეწინააღმდეგოს?“- ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ვახტანგ კაპანაძე, ვისაც თავდაცვის ძალებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის განმარტავს, რომ ყურადღებაა გასამახვილებელი რამოდენიმე ფაქტორზე.
„ერთი, ესაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გართხილების სიტემის ჩამოყალიბება და ასევე, თავდაცვითი სისტემების ჩამოყალიბება, თავშესაფრების აღდგენა. ისინი, რატომღაც მიტოვებული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არავის გადაუხედია მათი საჭიროების საკითხისთვის. ღმერთმა გვიშველა და თბილისში არსებობს მეტროს სადგურები, რომელიც არის კარგი თავშესაფარი. მაგრამ რა უნდა ქნან რეგიონებში, საქართველოს სხვადასხვა ნაწილში, სადაც საერთოდ აღარ დარჩა მსგავსი ნაგებობები? ეს მტკივნეული საკითხია დღეს. ალბათ, უნდა იფიქროს ქვეყანამ ამ მიმართულებით. უნდა გამართოს სამოქალაქო თავდაცვა. არაა აუცილებელი ბირთვული ომი. ამის გარდა, სხვა უამრავი საფრთხე არსებობს, რისთვის ისედაც უნდა ვიყოთ მზად,“- ამბობს ვახტანგ კაპნაძე. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით, საქართველო ბირთვული საფრთხისთვის მზად არაა.
ფორუმის ორგანიზატორი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელი შორენა ლორთქიფანიძე „ამერიკის ხმასთან“ რამდენიმე მიმართულებით საფრთხის შესახებ საუბრობს. „ნებისმიერ მომენტში შეიძლება ზაპორიჟიეში ატომური ელექტროსადგურის მთლიანობა დაირღვეს, ჯერ ერთი, ის ოკუპირებულია რუსების მიერ და დღესაც მოვისმინეთ ფორუმზე, რომ უკრაინელი ინსპექტორები, ექსპერტები ჯერაც ვერ ახერხებენ მასთან წვდომას. მეორეა სამხედრო თვალსაზრისით, რა მდგომარეობა იქნება. მიმართავს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს. საუბარია ტაქტიკურ იარაღზე, რომლის რადიუსი ნაკლებია. გლობალური საფრთხის წინაშე ვდგავართ ყველა. მე ვერ განვიხილავ ამ საკითხს, როგორც საფრთხეს ეროვნულ დონეზე,“- გვეუბნება შორენა ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ ბირთვული უსაფრთხოება მთლიანი რეგიონის გამოწვევაა.
„სისტემა საქართველოში, ასე თუ ისე, გამართულად მუშაობს, რადგან საქართველო არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი. ამიტომ მუშაობს ყველა ის გაიდლაინი, წესი, პროცედურა, რომელიც მის წევრ ქვეყნებზე ვრცელდება, ჩვენთანაც ტარდება პრაქტიკაში გარკვეული მოქმედებები. ამუშავებენ სპეციალისტები სხვადასხვა სცენარებს, ვთქვათ, გამოფრთქვევის შემთხვევაში, როდის შეიძლება ამ დაბინძურებულმა ნარჩენებმა მოაღწიოს ჩვენამდე და სხვა. სხვათა შორის, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ამინდზე, ჰაერის მასების მოძრაობაზე, წვიმაზე, ქარზე... რადიაციული დაბინძურების საფრთხე რომ ძალიან დიდია, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. გააჩნია მასშტაბებს, მათი ცოდნის გარეშე ძნელია ამაზე საუბარი. აფეთქების შემთხვევაში, კატასტროფის მასშტაბი, შეიძლება, უფრო დიდი იყოს, ვიდრე იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ეს ისეთივე საფრთხის შემცველია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, როგორც ჩვენთვის, კონრეტულად. ამ საფრთხეში მარტო არ ვართ“,- გვეუბნება შორენა ლორთქიფანიძე.
ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი, პოლინა სინოვეცი, ოდესის ბირთვული გაუვრცელებლობის ცენტრის ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ თუ რუსეთის ბირთვული შეტევა იმუშავებს უკრაინის წინააღმდეგ, შესაძლოა, რუსეთმა ბირთვული იარაღი ან შეტევები აქციოს თავის საგარეო პოლიტიკურ იარაღად.
„თუმცა, ამ მიმართულებით უკრაინა არ იქნებოდა უკანასკნელი მსხვერპლი, რადგან ამის შემდგომ, რუსეთის ამბიციები გავრცელდება საქართველოზეც და მოლდოვაზეც. ასეთ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავდი, რომ ბირთვული საფრთხე თქვენს ქვეყანაშიც შეიქმნებოდა. ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ბრძოლა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის. თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ამით რუსეთი გაძლიერდება გაცილებით იმაზე მეტად, ვიდრე ეს დღესაა. და თუ ეს ასე იქნება, საქართველოს არ ექნება ძალა ისეთი წინააღმდეგობის გაწევის, როგორსაც ახლა უკრაინა ახერხებს, რადგან საქართველო გაცილებით პატარა ქვეყანაა, ვიდრე უკრაინა,“ -გვეუბნება პოლინა სინოვეცი.
ფორუმი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების შესახებ 9 ნოემბერს სრულდება. უცხოელ სტუმრებსა და ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას ესტუმრონ და ახლოდან გაეცნონ იმ სამუშაოს, რასაც ლაბორატორია საქართველოში აკეთებს.