ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მედიის ცნობით, პელოსი სომხეთს ამ შაბათ-კვირას ესტუმრება


სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში ჩადის. ის ერევანს მომავალ შაბათ-კვირას ეწვევა, აზერბაიჯანთან განახლებულ დაპირისპირებაში მხარდაჭერის ჩვენების მიზნით.

პელოსი სომხეთში მას შემდეგ ჩავა, რაც ბერლინში, დიდი შვიდეულის სპიკერების სამიტს დაესწრება. მასთან ერთად სომხეთში ჩადის კონგრესის წევრი ჯეკი სპიერი.

ამერიკელი კანონმდებლების დელეგაცია ერევანში სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება.

ორივე მხრიდან განახლებულ კონფლიქტში 150-ზე მეტი სამხედროს დაღუპვის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ადგილობრივი დროით, ძალაში ოთხშაბათს საღამოს შევიდა.

სომხეთიც და აზერბაიჯანიც ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა იერიშები კონფლიქტის ხაზს მიღმა რეგიონებზე მიიტანა. ბაქო კი ამტკიცებს, რომ მათ სომეხი ჯარისკაცების "დივერსიულ" ქმედებაზე საპასუხო რეაგირება მოახდინეს.

2020 წელს 6-კვირიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ჩართულობით გაფორმდა. თუმცა, პერიოდულად ეს შეთანხმება ირღვევა.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემები POLITICO და THE HILL აქვეყნებენ.

XS
SM
MD
LG