ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი უკრაინაში - 6 თვე, რომელმაც მსოფლიო შეძრა


6 თვე ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ათასობით რუს ჯარისკაცს უკრაინაში შეჭრა და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება უბრძანა. ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. რუსეთის მიერ წამოწყებულ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში ათობით ათასი ადამიანი მოკლეს, მილიონობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა ან ქვეყნის შიგნითვე მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად დაინგრა.

ომის გამოცხადება

რუსეთი გამუდმებით უარყოფს, რომ ის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა. კრემლი უკრაინასთან გაჩაღბულ ფართომასშტაბიან ომს კიევის განიარაღების და ქვეყნის "ნაციონალისტებისგან გაწმენდის" სპეციალურ ოპერაციას უწოდებს, რამაც მის საზღვრებთან ნატოს გაფართოება უნდა შეაჩეროს. მოსკოვი უარყოფს ტერიტორიულ ამბიციებს და უკრაინის მიწების მიტაცების მიზანს, თუმცა უკრაინელები ამბობენ, რომ 24 თებერვლამდე 3 დღით ადრე გაკეთებული პრეზიდენტ პუტინის განცხადება ეჭვს არ ტოვებდა, რომ მას ქვეყნის დაპყრობა და მათი ეროვნული იდენტობის განადგურება სურდა.

"უკრაინა არაა ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სულიერი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. უხსოვარი დროიდან, იმ მიწის სამხრეთ დასავლეთით მცხოვრები ხალხი, რომელიც ისტორიულად რუსული მიწაა, საკუთარ თავს რუსებს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებდნენ", - ამბობდა მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

მარცხი ადრეულ ეტაპზე

შეჭრიდან რამდენიმე საათში რუსეთმა კიევის მახლობლად, ანტონოვის ავიაბაზაზე სატვირთო საჰაერო ხომალდი დასვა. ეს დედაქალაქზე იერიშისთვის საჭირო საჰაერო ხიდს უზრუნველყოფდა.

თუმცა მალევე, უკრაინელებმა მედესანტეების ელიტური რუსული ქვედანაყოფი მათი საჰაერო ხომალდიანად გაანადგურეს. მართალია, რუსული ჯავშანტექნიკის გრძელი კოლონა მაშინ კიევისკენ მიმავალ გზას დაადგა, მაგრამ თავდაპირველმა მარცხმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მოსკოვის გეგმაზე, პირველივე საათებში აეღო უკრაინის დედაქალაქი.

"მე აქ ვარ, ჩვენ აქ ვართ"

კიეველები რუსულ რაკეტებს თავს სარდაფებსა და მეტროსადგურებში აფარებდნენ. გადატვირთულ სარკინიგზო სადგურებზე უკრაინის მოქალაქეები ქვეყნის დასავლეთით გაქცევას ცდილობდნენ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეები დაარწმუნა, რომ არსად გაქცევას არ აპირებდა. ის მობილური ტელეფონით პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და კიევის ცენტრალური შენობების ფონზე არაერთ ვიდეოს იღებდა და მოქალაქეებს მიმართავდა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ უკვე არაერთი ქვეყნის ლიდერს, საკანონმდებლო ორგანოსა თუ მოქალაქეებს მიმართა სიტყვით და მათ უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი

რუსეთის სამხედრო ოპერაციებმა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართულმა იერიშებმა მილიონობით ადამიანი აიძულა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ეს გაეროს შეფასებით, ბოლო ათწლეულებში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი იყო. ევროპის მასშტაბით 6.6 მილიონზე მეტი ლტოლვილი დაფიქსირდა. მათი უმეტესობა მეზობელმა ქვეყნებმა მიიღო.

თუმცა, ქვეყნის დატოვება სამხედრო ვალდებულების ასაკის მქონე მამაკაცებს ახლაც არ შეუძლიათ. მამაკაცები ხშირად ოჯახის წევრებს, ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს, დასავლეთის საზღვრებამდე აცილებდნენ და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საზღვრების გადაკვეთაში ბავშვებს უცხო თანამოქალაქეები ეხმარებოდნენ.

ჯოჯოხეთი საპორტო ქალაქში და - არა მხოლოდ

ომის ადრეული ეტაპიდანვე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აზოვის ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი აღმოჩნდა. "წითელი ჯვარი" ქალაქში შექმნილ მდგომარეობას "ჯოჯოხეთს" უწოდებდა. სამთვიანი ალყის პირობებში გამუდმებულ საჰაერო თუ სახმელეთო იერიშებს, ჰუმანიტარულ ბლოკადას, წყლის, ელექტროენერგიის, გათბობის, საკვების, სასმელი წყლის, მედიკამენტების ნაკლებობას თუ მოქალაქეთა უშუალო მკვლელობას უკრაინული მხარის ცნობით, ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

მარიუპოლს დღეს რუსული ძალები აკონტროლებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამბობს, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერაც შეუძლებელია.

ქალაქში დაიბომბა სამშობიარო სახლი, თეატრი, სადაც თავს ქალები და ბავშვები აფარებდნენ და სხვა სამოქალაქო დაწესეულებები. ეუთო ამ იერიშებს ომის დანაშაულად მიიჩნევს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ამ შენობებს უკრაინული ძალები თავშესაფრად იყენებდნენ.

რუსებმა კიევის აღება ვერ შეძლეს. მოსკოვს უკანდახევა მოუხდა დედაქალაქის შემოგარენი ტერიტორიებიდანაც. კრემლი უკანდახევას კეთილი ნების ჟესტად და სტრატეგიის ცვლილებად აფასებდა. თუმცა, დეოკუპირებულ ქალაქებში მომხდარი საშინელებების ნახვა ამის შემდეგ მთელმა მსოფლიმ ნახა.

რუსული საომარი ხომალდის დანიშნულების ადგილი

უკრაინაში შეჭრის პირველივე საათებში, რუსეთის საამაყო, შავი ზღვის ფლოტის წამყვანი საომარი ხომალდი "მოსკვა" უკრაინის სტრატეგიულ კუნძულ "ზმეინის" მიადგა და მის უკრაინელ მცველებს დანებება მოსთხოვა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა "მოსკვას" მოთხოვნას დასცინეს და უპასუხეს უწმაწური ფრაზით, რომელიც მოგვიანებით წინააღმდეგობის და სიმტკიცის ერთ-ერთ სიმბოლოდ და სლოგანადაც კი იქცა და ახლა არაერთ სუვენირზეა დატანილი.

თავდაპირველად რუსებმა კუნძულის აღება შეძლეს. 14 აპრილს ხომალდი "მოსკვა" უკრაინის საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა და 40-წლის განმავლობაში ყველაზე დიდ საბრძოლო გემად მიჩნეული ხომალდი შავ ძღვაში ჩაიძირა. კრემლი ამბობს, რომ შემთხვევას ერთი მეზღვაურის სიცოცხლე ემსხვერპლა, დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით კი, დაღუპულია მთელი ეკიპაჟის - 450 ადამიანის - სულ მცირე ნახევარი მაინც.

30 ივნისს რუსებმა კუნძული "ზმეინი" მისი დაცვისას განცდილი მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ დატოვეს. თუმცა, რუსებმა ეს მარცხიც "კეთილი ნების ჟესტად" შეაფასეს.

მეომრები ფოლადის ქარხნიდან

ომის საშინელებათა კიდევ ერთ ფაქტობრივ ვიზუალურ მტკიცებულებად მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა იქცა. "აზოვსტალს" ქალაქის უკანასკნელი მცველები და ასობით სამოქალაქო პირი აფარებდა თავს. ევროპის უდიდესი ფოლადის ქარხნის მიწისქვეშა გვირაბები მათთვის ბუნკერის ფუნქციას ასრულებდა.

16 მაისს უკრაინის გენერალური შტაბის ბრძანებით, მებრძოლები, მათ შორის ბატალიონ "აზოვის" მეომრები რუსულ ძალებს დანებდნენ. ისინი რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ციხეში გადაიყვანეს. მოსკოვი პირობას დებდა, რომ მათ ჟენევის კონვენციის დაცვით მოექცეოდა. თუმცა უკრაინული მხარის მიერ შეთავაზებულ გაცვლას არ თანხმდებოდა.

29 ივლისს "აზოვსტალის" მცველი ათობით მებრძოლი ციხეში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. კიევი ამას ომის დანაშაულად მიიჩნევს და ამბობს, რომ იერიში მოსკოვის ბრძანებით მოხდა, კრემლი კი ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეებით სავსე ციხეზე თავად კიევმა მიიტანა იერიში. თუმცა, კრემლს არ აუხსნია, თუ რატომ არ დაშავებულა ციხის არცერთი პრორუსი სეპარატისტი და მცველი. ლონდონში რუსეთის საელჩო ამბობდა, რომ "აზოვის" ბატალიონის გადარჩენილი მეომრები "ჩამოხრჩობას და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ".

ბრძოლა დონბასისთვის

კიევზე იერიშების წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის სამხედრო სტრატეგია და ტაქტიკა შეიცვალა და მოსკოვმა ძალების უმეტესობა დონბასისკენ გადაისროლა. დონბასი მოსკოვის მიერ "გასათავისუფლებელი" ტერიტორიების სიაში თავიდანვე უპირველესი იყო. ის ორ რეგიონს - ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებს აერთიანებს და მათი ტერიტორიების ნაწილს 2014 წლის შეჭრის შემდეგ რუსული ძალები და პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

მიმდებარე დასახლებებში რუსულმა ძალებმა დაწინაურება მოახერხეს, თუმცა უდიდესი სახმელეთო შეტაკებები ახლა სწორედ იქ ხდება. ორივე მხარე ამბობს, რომ ამ რეგიონისთვის ბრძოლისას მოწინააღმდეგის ათასობით მებრძოლია მოკლული. ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე კონტორლის მოპოვების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა რეგიონში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა ბრძოლა რეგიონში ჯერ კიდევ გრძელდება.

გახშირებული კვამლი რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე

უკრაინაში ერთ-ერთი უმთავრესი საომარი მოქმედებები ახლა ქვეყნის სამხრეთში ხდება, სადაც კიევი რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების პირობას დებს. რუსეთი კი ადგილზე სამხედროების რაოდენობას ზრდის. უკრაინა ახლა თავის უახლეს დასავლურ ტექნიკას, განსაკუთრებით კი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს HIMARS, სწორედ სამხრეთში განალაგებს და რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორებზე სამხედრო მნიშვნელობის ობიექტებს უტევს.

ბოლო კვირებში გახშირდა ხანძრები რუსეთის საჰაერო ბაზებზე, იარაღის საწყობებში, ლოჯისტიკურ ობიექტებზე, საცავებში. კიევში იმედოვნებენ, რომ ეს ომის სასწორს მათ სასარგებლოდ გადახრის. დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. თუმცა, მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის.

XS
SM
MD
LG