Საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე.
სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.
მოგვიანებით გაგკეთებული განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ნათქვამი იყო, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ომი იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპის უსაფრთხოების მიმართაც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი აგრესიული ტენდენციისა რუსეთის პოლიტიკაში, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო.
ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვგმობთ რუსების მცდელობას, რომელიც ამ რეგიონების ანექსიისკენ არის მიმართული“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს გაეროში ალბანეთის ელჩმა ფერიტ ხოჯამ გააცნო.
კიდევ ერთი საკითხი რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოზე იყო განხილული ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებია. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სრულად პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც უკრაინაში არაპროვოცირებული, გაუმართლებელი რუსული ომის პარალელურად მიმდინარეობს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, მართავს სამხედრო წვრთნებს, მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა გალსა და ახალგორში. ადგილობრივებს არ ეძლევათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ხდება ადამიანების გატაცება და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მათი დაკავება. ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. ამ დრომდე დასჯილი არ არიან დამნაშავეები".
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და სწორედ ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თქვა ელჩმა ხოჯამ.
გაეროში ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლობის აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და შესრულდეს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაერო მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სახელმწიფოებად აღიარება.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვიმეორებთ 14 წლის წინანდელ მოწოდებას და
მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, თქვა ხოჯამ.
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემაც. დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოსთან დაკავშირებული კრემლის რიტორიკა. მან მიანიშნა, რომ გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო.
“შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით და ჩამოყალიბდა, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე ძალიან კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა დაბლოკეს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველო, რუსეთი და ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობდა. ეს არ ყოფილა ჩვენი არჩევანი, ეს არ დაეხმარება ვითარების გაუმჯობესებას".
პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დასავლეთის ქვეყნების ბრალი იყო. მისი თქმით, "უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სადამდე შეუძლია ქვეყნის მიყვანა გარე ძალების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ბლოკის ინტერვენციებს და ჩარევებს. საქართველომ ცოტათი გადაიარა ეს საშინელი პერიოდი. მაგრამ არის კიდევ ერთი ქვეყანა უკრაინა, სადაც ზელენსკის რეჟიმი ასევე მოექცა იგივე ხაფანგში და ვნახოთ რა შედეგი დადგება ამ ყველაფრიდან უკრაინისთვის", თქვა გაეროში რუსეთი ელჩის პირველმა მოადგილე პოლიანსკიმ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.
Facebook Forum