ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ავღანეთიდან გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა


ერთი წლის წინ, როდესაც აშშ-ის სამხედრო დაგეგმვის სპეციალისტებმა ავღანეთიდან ევაკუაცია და გამოსვლა დაასრულეს, მთავრობის ოფიციალურმა პირებმა საკუთარი თავი შეამზადეს იმის საჯარო კრიტიკული შეფასებისთვის, თუ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი როგორ დამთავრდა ქაოსით და თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით.

ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი და ექსპერტი ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, 20-წლიანი ომით და თალიბანის გამარჯვებით მიღებული გაკვეთილის სათანადო შეფასების გარეშე გააგრძელა მუშაობა.

არ ყოფილა საჯარო ანგარიშვალდებულება ქაოტური ევაკუაციის ოპერაციის გამო, რასაც ქაბულის აეროპორტში 13 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და ასობით ამერიკელი მოქალაქის და ათობით ათასი ავღანელის უკან მოტოვება მოჰყვა.

„ჩვენ უნდა გადავშალოთ ისტორიის ის საშინელი წიგნი, რომელსაც 20 წელი ავღანეთში ჰქვია და ვნახოთ რატომ, თუ რატომ ვიყავით წარუმატებელი“, თქვა აშშ-ის საგანგებო რევიზორმა ჯონ სოპკომ, რომელსაც 146 მილიარდი დოლარის მოცულობის, აღდგენაში დახმარების ფონდის თვალყურის დევნება ევალება. ჯონ სოპკომ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ამ გაკვეთილის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად მილიარდობით დოლარს ხარჯავს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან გამოსვლის და გამოყვანის ოპერაციას, ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საჰაერო ტრანსპორტირებას, ხატავს როგორც „არაჩვეულებრივ წარმატებას, რომელმაც დაამთავრა „დაუსრულებელი“ კონფლიქტი, რასაც 3,500-ზე მეტი ამერიკელი და მოკავშირე უცხოელი ჯარისკაცის და ათობით ათასი ავღანელის სიცოცხლე შეეწირა.

მაგრამ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი, ექსპერტი და კერძო ევაკუაციის ორგანიზატორი ამბობს, რომ ადმინისტრაციამ თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თალიბანის წინსვლის სიჩქარე არასწორად შეაფასა.

აშშ-ის სამხედრო უწყება და სახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებდნენ ე.წ. „მოქმედების შემდგომ განხილვებს“, თუმცა ნათელი არ არის, ის ანგარიშები საჯარო თუ გახდება.

ბაიდენის მიერ დამტკიცებულ კონგრესის კომისიას, რომელმაც ამერიკული ინტერვენციის და გამოსვლის ისტორია უნდა შეისწავლოს, ჯერ მუშაობა არც დაუწყია, რადგან სენატის უმცირესობის ლიდერ მიჩ მაკკონელს რესპუბლიკელი თანა-თავმჯდომარე არ დაუსახელებია.

ამ თვეში, ავღანეთი ცოტა ხნით დაბრუნდა ახალი ამბების სათაურებში, მას შემდეგ რაც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დრონმა ალ -ყაიდას ლიდერი ალ-ზავაჰირი გაანადგურა. ეს, ამერიკული ჯარის გამოსვლის შემდეგ, ავღანეთში ვაშინგტონის პირველი ცნობილი დარტყმა იყო. ბაიდენი ამასთან დაკავშირებით ტელევიზიით გამოვიდა და წარმატება აღნიშნა.

მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ზავაჰირის განადგურების მიუხედავად, მათ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების უნარი აშფოთებს. სამხედრო უწყებამ კი ავღანეთის სიახლოვეს რომელიმე ქვეყანაში ბაზის მოწყობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ვილსონის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა მაიკლ კუგელმანმა თქვა, რომ ვაშინგტონს არ გამოუხატავს ნება ეფიქრა იმაზე, თუ ავღანეთში არასწორად რა მოხდა.

„დიდად გამაოცა იმან, რომ ისე გამოიყურებოდა, ვაშინგტონს არსებითად ავღანეთის უკან მოტოვება და გზის გაგრძელება უნდოდა“, თქვა კუგელმანმა.

XS
SM
MD
LG