ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნაფტოგაზი" ვალის 2 წლით გაყინვას ითხოვს


უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანია "ნაფტოგაზი" საერთაშორისო კრედიტორებს ფინანსური ვალდებულებების 2 წლით გადავადებას სთხოვს. არსებობს მოლოდინი, რომ მალე საერთაშორისო პარტნიორებს იგივე თხოვნით შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებამაც მიმართოს.

"ნაფტოგაზის" მოთხოვნის მიზეზად რუსეთის ქვეყანაში შეჭრაა დასახელებული, რამაც "მნიშვნელოვანი ეკონომიკური უკუსვლა" გამოწვია და ვერც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახერხებს დავალიანებების გადახდას. ამან კი კომპანიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაააუარესა.

"ნაფტოგაზს" 335 მილიონი დოლარის ვალდებულებასთან ერთად, 19 ივლისამდე საპროცენტო განაკვეთებიც ორჯერ აქვს გადასახდელი, თუმცა კრედიტორებს ვადა 21 ივლისამდე აქვთ იმისთვის, რომ უკრაინის მოთხოვნის დაკმაყოფილებას კენჭი უყარონ და გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა ქვეყნის სახელმწიფო ენერგო-კომპანიას ვალის 2024 წლამდე გადავადების უფლება.

"ნაფტოგაზს", თავის მხრივ, უკრანის სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გასულ წელს, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის 17% სწორედ კომპანიის შემოსავლებს ეყრდნობოდა. კომპანიაში ომამდე 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

კრედიტორების გადაწყვეტილება შესაძლოა იმის მაჩვენებელიც იყო, მოითხოვს თუ არა მსგავს ნაბიჯებს საერთაშორისო პარტნიორებისგან თავად უკრაინის მთავრობაც. მაგალითად, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სუვერენული ვალის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადახდის ვადაც სექტემბერში იწურება. თუმცა, ამ დრომდე მთავრობა ვალდებულების შესრულების პირობას დებდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ თვეში, ქვეყანაში ფისკალური დეფიციტი 5 მილიონია - ომამდელი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 %, რაც ეკონომისტების აზრით, უკრაინის მშპ-ის დეფიციტს 25%-მდე გაზრდის. ეს მაშინ, როცა ომამდე ის 3.5%-ს არ აღემატებოდა.

XS
SM
MD
LG