ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჯა ჯონა ამბობს, რომ შვედეთისა და ფინეთისთვის რუსეთისგან დაუყოვნებლივი საფრთხე არ არსებობს. თუმცა, ისინი ალიანსის წევრები თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გახდებიან.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობის მოთხოვნით გასულ თვეში მიმართეს. ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო, თუმცა თურქეთი მათი წევრობის წინააღმდეგია. ანკარა მათ ქურთი მებრძოლების და იმ სხვა ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებს, რომელთაც ის "ტერორისტებად" მიიჩნევს.
"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შვედეთი და ფინეთი ჩვენს რიგებს შეუერთდებიან. მოკავშირეებს აქვთ გარკვეული შემაშფოთებელი საკითხები და თურქეთის ზოგიერთი მოთხოვნაც ლეგიტიმურია, როდესაც საუბარია ტერორისტებზე", - განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჯა ჯონამ.
ფინეთი და შვედეთი კი ამბობენ, რომ ისინი ტერორიზმს გმობენ და თურქეთთან დიალოგისთვის მზად არიან. რაც შეეხება სრულ წევრობამდე ორი ქვეყნისთვის არსებულ რისკებს ან თავდაცვის გარანტიებს ნატოსგან, ჯონა ამბობს, რომ რუსეთისგან ამჟამად მათ მიმართ არსებულ რეალურ რისკებს ვერ ხედავს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს იმისა, რომ რუსეთს აქვს რეალური შესაძლებლობა ან განზრახვა ამ ეტაპზე, რომ ამ ორი ასპირანტი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელოს", - ამბობს ის.
ფინეთი ამბობს, რომ აპირებს სასაზღვრო კანონმდებლობის შეცვლას, რათა რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების მშენებლობა ნებადართული გახდეს. მისი განცხადებით, ეს ჰიბრიდული საფრთხეებისთვის მზაობის გასაძლიერებლად არის საჭირო.