ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის სიახლოვეს "ომის დანაშაულის" მკვლელობებმა მსოფლიო განარისხა


ჩრდილოეთ უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობების გამო განრისხება გლობალურად გავრცელდა. ახლო მანძილიდან დახვრეტილი გაკოჭილი ადამიანები, მასობრივი საფლავები და სიკვდილით დასჯის სხვა ნიშნები აღმოჩნდა ქალაქში, რომელიც კონფლიქტის ფოკუსის სხვაგან გადატანასთან ერთად, რუსული ჯარისგან გაათავისუფლეს.

კიევის სიახლოვეს, ბუჩაში მომხდარმა ნგრევამ და სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილმა შეერთებულ შტატებს და ევროპას მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისკენ უბიძგა. ოფიციალურმა პირებმა რუსული ენერგომატარებლების ექსპორტის შეზღუდვის გეგმებზე საუბარი დაიწყეს.

მძიმე აღმოჩენა სავარაუდოდ გადაფარავს ორშაბათისთვის დაგეგმილ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში საარტილერიო დაბომბვების ფონზე მოხდება. რუსეთი აცხადებს, რომ თავისი ოპერაციების ფოკუსი ამ მიმართულებებზე გადაიტანა.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირის მდგომარეობით, კიევის სიახლოვეს 421 სამოქალაქო პირის ცხედარი იპოვეს და ბუჩაში შესაძლო ომის დანაშაულს იძიებენ. ასეთი განსაზღვრება გამოიყენა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.

კრემლმა ქალაქში სამოქალაქო პირების მკვლელობებთან დაკავშირებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტებმა კიევის დასავლეთით, სოფელ მოტიჟინში, სამი ცხედარი ტყეში, სახელდახელო საფლავში ნახეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა თქვა, რომ მსხვერპლი სოფლის ლიდერი ქალბატონი და მისი ოჯახი იყო.

„როიტერმა“ ქალაქ ბუჩაში ნახა გზაზე დაგდებული, ზურგსუკან ხელებშეკრული მამაკაცი, რომელსაც თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ეკლესიასთან მასობრივი საფლავი ღია იყო და წითელი თიხიდან ხელები და ფეხები ჩანდა. თანამგზავრიდან მიღებულმა გამოსახულებებმა 18 მეტრიანი თხრილი აჩვენა.

გაეროს ადამიანის უფლებების კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა ადამიანის უფლებების საბჭოს უთხრა, რომ რუსეთის შეჭრის დროს თავდასხმებმა და მძიმე საარტილერიო დაბომბვებმა მოკლა სამოქალაქო პირები ისეთ შემთხვევებში, რაც შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

XS
SM
MD
LG