ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა აკრძალეს "ამერიკის ხმის" და "ბი-ბი-სის" საინფორმაციო გამოშვებები


"ამერიკის ხმის" ვებგვერდი პაშტუზე, ავღანეთში მცხოვრები პუშტუნების ენაზე
"ამერიკის ხმის" ვებგვერდი პაშტუზე, ავღანეთში მცხოვრები პუშტუნების ენაზე

ავღანეთის მთავრობამ კერძო ტელემაუწყებლებს აუკრძალა "ამერიკის ხმის" (VOA) და "ბი-ბი-სის" (BBC) საინფორმაციო გამოშვებათა ეთერში გაშვება. ეს ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების შევიწროებისკენ მიმართული შეზღუდვების მთელ ციკლში, რომელიც თალიბების ისლამისტურმა მთავრობამ, აგვისტოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუწესა ავღანურ მედიას.

მომხდარი "ამერიკის ხმამ" მაშინვე დაგმო. "ვთხოვთ თალიბანს, კიდევ ერთხელ გადახედოს ამ შემაშფოთებელ და სამწუხარო გადაწყვეტილებას" - განაცხადა კვირას "ამერიკის ხმის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა იოლანდა ლოპესმა. მისი თქმით, "შინაარსობრივი შეზღუდვები, რომელთა დაწესებასაც თალიბანი ცდილობს, უშუალოდ ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას, რასაც ავღანეთის ხალხი იმსახურებს".

ამ შეზღუდვების მიუხედავად, იოლანდა ლოპესი ამბობს, რომ "ამერიკის ხმა" ავღანეთის ენებზე მაუწყებლობას არ შეწყვეტს. გადაცემების მომზადება გაგრძელდება და ისინი ტელე, რადიო და ინტერნეტით გავრცელდება ავღანეთისთვის განკუთვნილ ვებგვერდებზე: www.pashtovoa.com და www.darivoa.com, ისევე როგორც სოციალური მედიის გვერდებზე.

ამერიკული მაუწყებელი, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესის მიერ ფინანსდება, ავღანეთისთვის ნახევარსაათიან ახალი ამბების გამოშვებას ავღანეთის ორ მთავარ ენაზე ამზადებს: პაშტუ და დარი. "ამერიკის ხმის" საინფორმაციო გამოშვებას ავღანელი პარტნიორები - "ტოლო-ნიუს" და "შამშად-ტვ" - ეთერში კვირაში ხუთჯერ უშვებენ.

თალიბანის მიერ ახალი ამბების გამოშვებათა შეჩერებას "ბი-ბი-სის" უცხოური მაუწყებლობის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. "ავღანეთში ეთერიდან მოიხსნა "ბი-ბი-სის" საინფორმაციო გამოშვებები პაშტუზე, სპარსულ და უზბეკურ ენებზე, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ჩვენს სატელევიზიო პარტნიორებს უბრძანა, რომ ეთერიდან მოეხსნათ საერთაშორისო მაუწყებლები" - თქვა ტარიკ კაფალამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში. "ეს მოვლენების შემაშფოთებელი განვითარებაა ავღანელი ხალხისთვის ისედაც გაურკვეველ და ტურბულენტურ გარემოში" - თქვა მან.

მომხდარზე თალიბანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. როცა თალიბების ინფორმაციის სამინისტროს პრესსპიკერს კითხვა "ამერიკის ხმის" და "ბი-ბი-სის" იმ საინფორმაციო გადაცემების ტელეეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელთაც ყოველკვირეულად მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, მან თქვა, რომ საკითხს შეისწავლის და ჟურნალისტებს პასუხს შემდეგ გასცემს.

ავღანეთში თალიბების მთავრობის მოსვლის შემდეგ, ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა. ავღანელ ჟურნალისტებს პერიოდულად აკავებენ და უსაფრთხოების ძალები მათზე ძალადობენ. დროებითმა მთავრობამ ჟურნალისტებისთვის გზამკვლევი გამოუშვა, რომლის მიხედვითაც მედია უნდა დაემორჩილოს ისლამის დოქტრინის მათეულ ინტერპრეტაციას.

გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე, ავღანურ მედიაში სიტუაციის მკვეთრი გაუარესება აჩვენა. თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანურ მედია-საშუალებათა 40% საერთოდ გაქრა. ჟურნალისტი ქალების 80%-ზე მეტმა სამსახური დაკარგა. ჯამში, 15 აგვისტოს შემდეგ, მედიაში სამსახური 6 400-ზე მეტმა ავღანელმა ჟურნალისტმა დაკარგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG