ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვისა და კულებას შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა, ასიათასობით მშვიდობიანი მოსახლისთვის ჰუმანიტარული კორიდორის გახსნაზე. მოლაპარაკებებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის თურქეთში, უშედეგოდ ჩაიარა.

მესამე კვირა დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ომს აწარმოებს. დაღუპულია ათასობით ადამიანი და ქვეყანა 2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა, ბევრი კი ალყაში მოქცეულ ქალაქებშია გამომწყვდეული, რომლებიც უწყვეტი დაბომბვის ქვეშ არიან.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მარიუპოლში, რომელიც უკვე 10 დღე ალყაშია, განაცხადეს, რომ რუსეთი განაგრძობს ქალაქის დაბომბვას, მას შემდეგ, რაც გუშინ, მოსკოვმა სამშობიარო საავადმყოფოზე მიიტანა იერ. კიევმა რუსეთს ბრალი დასდო ომის დანაშაულში. მოსკოვმა განაცხადა, რომ საავადმყოფო არ ფუნქციონირებდა და იქ უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ.

ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, კულებამ თქვა, რომ რუსეთის მხარემ უარი თქვა, ცეცხლის შეწყვეტაზე რათა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დახმარება იქნას გაწეული, მარიუპოლში თუ კიევში.

„მე, მინისტრ ლავროვს შევთავაზე: შემიძლია დავურეკო უკრაინაში მინისტრებს, მთავრობის წევრებს, პრეზიდენტს და მოგცეთ 100%-იანი უსაფრთხოების გარანტია ჰუმანიტარული კორიდორისთვის“, - თქვა მან. „მას ვკითხე, თქვენ შეგიძლიათ იგივეს გაკეთება? და მან არ მიპასუხა“.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ორმა მინისტრმა ცალცალკე ოთახებში გამართა, ლავროვს არ უჩვენებია, რომ მოსკოვი რაიმე დათმობებზე წავა. მან გაიმეორა ბრალდება, რომ უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ლავროვმა თქვა, რომ უკრაინას შეხვედრების უბრალოდ შეხვედრისთვის ჩატარება სურს და რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იყო შეხვედრის განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში გაწერილი.

რუსეთი მის ქმედებებს უკრაინაში „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს, რომლის მიზანიც უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა გადაუდებელი დახმარება მარიუპოლის 400,000 მოსახლისათვის, რომლებიც ქალაქში უშუქოდ, საჭმლის და წყლის გარეშე არიან მომწყვდეული.

უკანასკნელი ექვსი დღის განმავლობაში მცდელობა, რომ ქალაქის ევაკუაცია მოხდეს ან იქ დახმარება გაიგზავნოს წარუმატებელია. რუსეთმა სამიზნეში ამოიღო საევაკუაციო გზები და ქარავნები, ამბობს მერის მრჩეველი პეტრო ანდრუშენკო, ახალ ამბების სააგენტო „როიტერთან“ სატელეფონო საუბარში.

„ჩვენ ვცდილობთ, ვცდილობთ და ვცდილობთ. თუმცა არ მგონია დღეს ან ნებისმიერ დღეებში ეს მოხდეს“, - თქვა მან. „საჰაერო თავდასხმა დილიდან დაიწყო. თავდასხმა თავდასხმაზე ხდება. ისტორიული ცენტრი დაბომბვის ქვეშაა“, - ამბობს ის. „მათ უნდათ ჩვენი ქალაქი წაშალონ, ხალხი გაანადგურონ. მათ სურთ ევაკუაცია არ დაუშვან“, - უთხრა მან სააგენტო „როიტერს“.

თეთრმა სახლმა, გუშინ მარიუპოლში სამშობიაროზე მიტანილი შეტევა შეაფასა, როგორც „ბარბაროსული“. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ განაცხადა, რომ ცდილობს მსხვერპლის დაზუსტებას. რუსეთი განმეორებით დებდა პირობას, შაბათის შემდეგ, რომ ცეცხლს შეწყვეტდა იქამდე, სანამ მომწყვდეული ადამიანები მარიუპოლიდან გასვლას მოახერხებდნენ. თუმცა ორი მხარე ერთმანეთს ბრალს დებს ევაკუაციის წარუმატებლად განხორციელებაში.

ამ დროისთვის, უკრაინა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლები მთელს უკრაინაში ნადგურდება და ასიათასობით ადამიანს არ აქვს საკვები, გათბობა, ელექტროენერგია თუ წვდომა წყალზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG