საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ, ამჯერად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ. უკრაინის უპრეცედენტო კრიზისისა და მოსალოდნელი "დიდი ომის" ფონზე, რომელიც ბუნებრივია 58-ე კონფერენციის მთავარი თემა იყო და ავტომატურად, საქართველოს უსაფრთხოების მთელ პრობლემატიკასაც მოიცავდა, ოფიციალურმა თბილისმა ისევ დუმილი არჩია.
მიუნხენში, პრემიერმა ღარიბაშვილმა კვლავ არ გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი საჯარო განცხადება, არც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა და არც პანელური დისკუსიები გამოიყენა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის გახმოვანებისთვის.
ოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილი მიუნხენში საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბულგარეთის პრემიერს და ბიზნესს კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდიენცია, მხოლოდ ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს ჰქონდა.
„ვინაიდან არ მაქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ რა ტიპის გარანტიებს ღებულობს საქართველო მოკავშირეებისგან, ან რა ტიპის მუქარასთან გვაქვს საქმე რუსეთიდან და როგორ აბალანსებს ამას, ჩვენი მოკავშირეების პოზიცია, ხელაღებით იმის მტკიცება, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა არასწორად და არასათანადო სოლიდარობას იჩენს უკრაინისადმი, ასე პირდაპირ, ძნელი სათქმელია“ - მიაჩნია პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას.
ამავე დროს, მისივე თქმით, „საქართველოს შეეძლო უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოეჩინა უკრაინისთვის და არ იყო საჭირო ამხელა სიფრთხილე. საქართველოს უნდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რეალურად ის პრობლემა, რომელიც ახლა უკრაინას უდგას, საქართველოს დიდი ხნის წინ დაუდგა, 2008 წელს და მაშინ, საქართველოს ხელისუფლება აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს, რომ ეს მოსალოდნელია განმეორდეს“ - ამბობს ჯიპას პოლიტიკისა და სამართლის სკოლის დეკანი.
თუ კი საქართველო უარს ამბობს, იმ პოზიციებზე, პოზიციონირებაზე, რომელიც გააჩნდა მას რუსეთთან მიმართებაში, ვთქვათ, ნახევარი წლის წინ და ამას აკეთებს დღეს, ამას უნდა ჰქონდეს, ძალიან კარგი მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი კონფრონტაციის დროს, რუსეთი კიდევ უფრო მეტს მოითხოვს..და, შემდეგ წითელი ხაზი უფრო ახლოს გავა შენს ინტერესებთან და კიდევ უფრო მეტს დაკარგავ“ბაკურ კვაშილავა, პოლიტოლოგი
ბაკურ კვაშილავას აზრით, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს ეს „დუმილი“ ახალ „წითელ ხაზებად“ დაუჯდეს. „საერთაშორისო ურთიერთობებში არის ასეთი პრინციპი, რომელსაც დათმობის პოლიტიკა ჰქვია. როდესაც ძლიერისა და სუსტის დაპირისპირების დროს, სუსტი უთმობს. შემდეგი დაპირისპირების ან მოლაპარაკების დროს, ეს სუსტი კიდევ უფრო სუსტია.
აქედან გამომდინარე, თუ კი საქართველო უარს ამბობს, იმ პოზიციებზე, პოზიციონირებაზე, რომელიც გააჩნდა მას რუსეთთან მიმართებაში, ვთქვათ, ნახევარი წლის წინ და ამას აკეთებს დღეს, ამას უნდა ჰქონდეს, ძალიან კარგი მიზეზი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი კონფრონტაციის დროს, რუსეთი კიდევ უფრო მეტს მოითხოვს. დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ზუსტად გათვალოს, ისე რომ არ შეცდეს, სად გადის ახალი წითელი ხაზი და არაფრის დიდებით არ დაიხიოს უკან. იმიტომ, რომ შემდეგ წითელი ხაზი უფრო ახლოს გავა შენს ინტერესებთან და კიდევ უფრო მეტს დაკარგავ“ - მიაჩნია კვაშილავას.
რუსეთის „ახალი წითელი ხაზები“ საქართველოსთვის დღეს ასეთია: დასავლეთზე და ნატოზე უარის თქმა, აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმა და 3+3 ფორმატში ჩართვა.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ გეგელია თვლის, რომ კიევსა და თბილისს შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ე.წ "სააკაშვილის ფაქტორი", „აქ არის ბუნებრივი განსხვავებები, ძალიან ბუნებრივი მიზეზებით, მათ შორის იმიტომ რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, აქ არის ბუნებრივი დაძაბულობა, ეს აშკარად იგრძნობა, ნამდვილად სააკაშვილის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“ - ამბობს დეპუტატი გეგელია.
მისივე თქმით, „არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ერთის მხრივ ირწმუნება, რომ უმაღლესს დონეზე გააჩნია სტრატეგიული კომუნიკაცია ოფიციალურ კიევთან, მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია უკრაინის დასაცავად. ჩვენი ეროვნული ინტერესი დღეს თუ რამეშია, ეს არის საქართველოს სუვერენული, მორალური, პოლიტიკური ნების მკაფიოდ გამოხატვაში“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმება და უსაფუძვლოს უწოდებს. “ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე, ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან” – ამ განცხადებით პრემიერმა ღარიბაშვილმა მიუნხენში ვიზიტი შეაჯამა.