ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა და ზელენსკიმ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს


რუსეთიდან გარდაუვალი საფრთხის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენსკის კემპ დევიდიდან დაურეკა.

საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტებმა შექმნილი ვითარება განიხილეს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას უახლოეს დღეებში დაიწყებს, თუმცა ზუსტი დღე და ომის დაწყების სცენარი უცნობია.

დამატებითი დეტალები სატელეფონო ზარის შესახებ ამ დროისთვის უცნობია. ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთმა ბოლო დღეების განმავლობაში სამხედროების მობილიზება გაააქტიურა დააჩქარა.

სალივანი ამბობს, რომ კონკრეტული დღის განსაზღვრა, თუ როდის შეიჭრება მოსკოვი უკრაინაში შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ომი დაიწყოს ნებისმიერ დღეს, როგორც ოლიმპიადის დასრულებამდე ასევე მას შემდეგ. „არსებობს დიდი სამხედრო ოპერაციის მკაფიო შესაძლებლობა“, თქვა სალივანმა.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუშინ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. პრეზიდენტებს შორის ვიდეო კონფერენცია 62 წუთი გაგრძელდა. მედიაში არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პუტინთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა დიპლომატიის მნიშვნელობას, თუმცა თქვა, რომ დასავლეთი მზად არის სხვა სცენარებისთვისაც.

კრემლში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ უგულებელყო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხები, რომლბეიც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეხება.

სადაზვერვო ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსკოვს, უკრაინის საზღვართან 130 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და შეიარაღება აქვს მობილიზებული. პარალელურად წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსშიც. შავ ზღვაში კი კრემლს სამხედრო ხომალდები ჰყავს განლაგებული.

თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი, წინასწარ თავს არიდებს კონკრეტულ სანქციებზე საუბარს, რომლებსაც დასავლეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესებს. სალივანი ამბობს, რომ ეს დიდი ეკონომიკური სანქციები იქნება. არ არის გამორიცხული რუსეთს „სვიფტის“ პროგრამით სარგებლობაც შეეზღუდოს.

ამ დროისთვის ამერიკა, უკრაინაში სამხედროებს არ გზავნის, თუმცა ვაშინგტონმა უკვე გაგზავნა 5 000 ამერიკელი სამხედრო ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნებში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზება გაზარდა, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება გააძლიეროს ალიანსის სამხრეთ ფლანგი. ამის გამო ნატოს წევრმა ქვეყნებმა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი შეიარაღება, გემები და სამხედროები გაგზავნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG