ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„როიტერი“: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სისხლის მომარაგება დაიწყო


სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების პარალელურად, სამედიცინო და პირველადი დახმარების საკითხების ორგანიზებას .

საუბარია როგორც სამედიცინო ნივთებზე, ასევე სისხლის მარაგზე. ეს ყოველივე კი რუსეთს საშუალებას მისცემს დაჭრილებს ადგილზე უმკურნალოს.

სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციის სენსიტიურობიდან გამომდინარე საკუთარ წყაროებზე არ ასახელებს. ოფიციალური პირები გამოცემას უცხადებენ, რომ ეს ინდიკატორები ვაშინგტონის პოზიციას, რომ მოსკოვი ომისთვის ემზადება კიდევ უფრო ამყარებს.

ამ დროისთვის მოსკოვს უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას „ძალიან მოკლე დროში“ დაესხას თავს. ის, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ნივთების მობილიზებას ახდენდა, პენტაგონმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა.

თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ სისხლის მომარაგების საკითხი კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება.

„ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება კიდევ ერთი დავდასხმა. მაგრამ თქვენ არ განახორციელებთ თავდასხმას თუ ეს მზად არ გაქვს,“- ამბობს ამერიკელი გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი.

ინფორმაციის გამოქვეყნებამდე „სააგენტო“ როიტერმა კრემლს კომენტარი სთხოვა, თუმცა მოსკოვს პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა თეთრ სახლსა და პენტაგონშიც. სააგენტო „როიტერის“ ანონიმური წყაროები არ აკონკრეტებენ კონკრეტულ თარიღს თუ როდის დაიწყო რუსეთმა უკრაინის საზღვართან სიხლის მარაგების მობილიზება.

წყაროები „როიტერს“ უცხადებენ, რომ ეს ბოლო რამდენიმე კვირის ამბავია. მაშინ როცა მოსკოვი უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზებას განაგრძობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთს ომი არ სურს. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „თუ ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება“.

2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ყირიმის ანექსია მოახდინა, საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში არ შეწყვეტილა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალას ზრდის და წვრთნებს მართავს.

ომის ზღვარზე - რა ვითარებაა დონეცკსა და ლუჰანსკში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ის პუტინისთვის პირად სანქციებსაც განიხილავს. უკრაინის საზღვარზე დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და მოსკოვს, ნატოსა და რუსეთს შორის კვირებია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

მოსკოვის სურვილია შეიცვალოს ნატოს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. დასავლეთი კი მოსკოვის პოზიციებს არ იზიარებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეხვედრა შესაძლოა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შედგეს. ლავროვს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG