მას შემდეგ, რაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წინაშე ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს, და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოთქვეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მის რუს და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრას სტოკჰოლმში, ეუთოს მინისტერიალის კულუარებში გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მხარეები განიხილავენ ასევე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას რუსეთის მიერ.
კარენ დონფრიდმა, ევროპის საკითხებში შეერთებული შტატების წამყვანმა დიპლომატმა, ჟურნალისტებს სატელეფონო ბრიფინგზე განუცხადა, რომ ეუთოში, ბლინკენი ლავროვთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განიხილავს. დონფრიდმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს და ვითარებას ბელარუსში.
კულებამ ოთხშაბათს, ნატოს რუსეთის შესაკავებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა, მათ შორის ეკონომიკური სანქციების და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის კუთხით.
უკრაინა რუსეთს ბრალს დებს მის საზღვართან შეიარაღებული ძალების მასობრივ მობილიზებაში. ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ ერთადერთი გზა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების აღმოსავლეთ უკრაინაში, დიალოგია.
„ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ვერ შევაჩერებთ ომს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე“, - განაცხადა მან უმაღლეს რადაში.
სამშაბათს, ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ „ნებისმიერ განახლებულ აგრესიას, სერიოზული შედეგები ექნება“. საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ თუ ნატო „წითელ ხაზებს“ გადაკვეთს, მოსკოვი ამას უპასუხებს. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს მოიცავს ასევე ნატოს მიერ უკრაინისთვის, შეიარაღების მიწოდებას.
„თუ რაიმე სახის შემტევი სისტემები გაჩნდება უკრაინის ტერიტორიაზე, ფრენის დრო 7-10 წუთი იქნება და ხუთი წუთი თუ ზეხმოვანი იარაღის გამოყენება მოხდება, უბრალოდ წარმოიდგინეთ“, - თქვა პუტინმა.
შეხვედრა ბლინკენს, ლავროვსა და კულებას შორის, ხვალ 2 დეკემბერს გაიმართება.
Facebook Forum