პოლონელი მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მიგრანტები, რომლებიც საზღვარზე ბელარუსის მხრიდან იმყოფებიან, მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან. პოლონური მხარე მათ წყლის ჭავლის გამოყენებით პასუხობს.
ვარშავა აცხადებს, რომ მიგრანტებს ბელარუსის მხარემ გაზის ყუმბარები და სხვა შეიარაღება მიაწოდა. ვარშავა ბრალს დებს ბელარუსის ძალებს, რომ ისინი ოპერაციას დრონით მართავენ. პოლონეთის პოლიციის განცხადებით, ერთი ოფიცერი სერიოზულად დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლონური მხარე ასევე ამბობს, რომ საზღვარზე ამ დროისთვის დაახლოებით 2 000 მიგრანტი იმყოფება, თუმცა თავდასხმებში მხოლოდ დაახლოებით 100 მათგანი მონაწილეობს.
ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტის თქმით კი, ისინი პოლონეთის მხრიდან ძალის გამოყენების შესწავლას გეგმავენ.
ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისის ორკესტრირებაში ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმს და ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დებს ბრალს, მისი სამი წევრის - პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის - საზღვარზე. მინსკი, ბრიუსელის განცხადებით, ბლოკის დესტაბილიზაციას ცდილობს.
რუსული მხარე კი პოლონეთის მოქმედებას და მის მიერ საზღვრის ფორტიფიკაციას მიუღებელს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პოლონეთის მოქმედებები „არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის ყველა ნორმას და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა შეთანხმებებს“.
ვარშავა ამბობს, რომ კრიზისის შექმნაში პასუხისმგებლობა მოსკოვსაც ეკისრება, რომელიც მინსკის მოკავშირეა. რუსეთის მთავრობა ამას უარყოფს.
ადგილზე არსებული ვითარების დამოუკიდებელი შესწავლა რთულია, რადგან პოლონური მხარე ჟურნალისებს და ადამიანის უფლებების დამცველებს არ აძლევს საშუალებას, რომ ტერიტორიაზე შევიდნენ და იქ არსებული ვითარება გააშუქონ. ხოლო ბელარუსში კი მედია თავისუფლებები შეზღუდულია.
პარალელურად ბრიუსელი ცდილობს, რომ ზეწოლა გაზარდოს ავიახაზებზე, რათა მათ მიგრანტებს სირიიდან, ერაყიდან და სხვა ქვეყნებიდან არ მისცენ ბელარუსში მოხვედრის შესაძლებლობა.
კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, უკვე თვეებია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი უარყოფს ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის.
Facebook Forum