ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი „ამერიკის ხმასთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საბრობს და ამბობს, რომ „ის, რაც საქართველოში ხდება არ არის იმის შედეგი, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ“. გობლი ამბობს, რომ სააკაშვილის „არაპროგნოზირებადი“ ქცევა მისდამი მხარდაჭერას ამცირებს.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის რაც საქართველოში ხდება არ არის იმის შედეგი, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ. საგარეო აქტორები მრავალფეროვანია და ყველა მათგანს საქართველოსთვის კარგი სურვილი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამის აღიარებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ერთადერთი ქართველი, რომელსაც დასავლეთში იცნობენ სტალინის გარდა, არის სააკაშვილი. როგორ იქცევა ის ამას დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ექცევიან საქართველოს, ეს ალბათ ასე არ უნდა იყოს.
სააკაშვილს ეგონა, რომ მას შეეძლო საქართველოში დაბრუნებულიყო და ქართველები მის დაკავებას არ დაუშვებდნენ და ამას დასავლეთში გამოხმაურება მოჰყვებოდა. ვფიქრობ, ის იმედგაცრუებულია, რომ მისი აზრით, დასავლეთმა მკაცრი განცხადებები არ გააკეთა. ასე რომ უნდა ითქვას და ქართულმა პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილის არაპროგნოზირებადი ქცევა ამცირებს იმ მხარდაჭერას, რაც მან ადრე მიიღო. ქართველები კვლავ უნდა დაფიქრდნენ თუ რა არის კარგი საქართველოსთვის. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ როგორ მოახდენენ რეაგირებას გარეშე პირები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, - ამბობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.
პოლ გობლს ვკითხეთ ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციონირებაზე და განცხადებების შინაარსზე სააკაშვილის დაკავების შემდეგ. ის ამბობს, რომ დასავლეთი შეფასებებისას ფრთხილობს და ამისთვის სამი მიზეზი მოჰყავს.
„ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც შეერთებული შტატები არ ცდილობს სწრაფად მოახდინოს რეაგირება რამდენიმე მიზეზისგან შედგება. პირველი ამ შემთხვევაში არის სააკაშვილის ქცევა. რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო იყო მისი სხვა ქვეყანაში წასვლა, მაღალი თანამდებობის დაკავება და შემდეგ დაბრუნდების ის გზა, რომელიც მან აირჩია. მეორე პრობლემა საქართველოს მთავრობაა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ ის დამნაშავეა კონკრეტულ საქმეებში. მესამე არის ის, რომ სააკაშვილს არ ჰქონია ღია მხარდაჭერა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების მხრიდან, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, რაც ჩვეულებისამებრ წინ უსწრებს ხოლმე შეერთებული შტატების ნებისმიერ განცხადებას. ჩემი აზრით, ვაშინგტონი არასდროს იქნება უფრო მკაცრი პოლიტიკურ პატიმრებთან მიმართებაში, ვიდრე იმ ქვეყანაში მოქმედი ადამიანის უფლებებათა დამცველი ორგანიზაციები არიან, რომლებსაც ეს ეხებათ. ეს არ იქნება თუ თავად ქართველები არ არიან მზად რომ თქვან, რომ ესა თუ ის პირი არის პოლიტიკური დევნის მსხვეპლი“, - ამბობს გობლი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში 18 დღის წინ დააკავეს, ის ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. სააკაშვილი დაკავების შემდეგ შიმშილობს და ის აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის 2 საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ ორ საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
Facebook Forum