ამერიკულმა კომპანიამ "მერკი" (Merck & Co.) დღეს თქვა, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ მათ მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელს ანახევრებს. ფარმაცევტული გიგანტი ანტივირუსული აბების ავტორიზაციის უფლების დასამტკიცებლად ამერიკის და მსოფლიოს მარეგულირებლებს მალე მიმართავს.
თუკი ეს მონაცემები დადასტურდა, "მერკის" მედიკამენტი პირველი აბი იქნება, რომლითაც კოვიდ-19-ს უმკურნალებენ. ეს პანდემიის განმავლობაში მნიშვნელოვან გარღვევად ჩაითვლება, ვინაიდან შეერთებულ შტატებში აქამდე ავტორიზებული თერაპიები, რომელთა შორის სახელდება "რემდესივირი" და სამი სხვადასხვა ანტისხეულების კოქტეილი, ვენაში ან კუნთში ინექციას მოითხოვს.
პრეპარატის სახელია "მოლნუპირავირი" (Molnupiravir). ის "მერკმა" პარტნიორ კომპანია "რიჯბექ ბიოთერაპევტიქსთან" (Ridgeback Biotherapeutics) ერთად შეიმუშავა.
775 ზრდასრულ ადამიანში, ვინც "მოლნუპირავირი" კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5 დღის მანძილზე მიიღო, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელი განახევრდა. ექსპერიმენტში მონაწილეები მწვავე დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში იყვნენ და დასაწყისში, როცა "მოლნუპირავირი" მიიღეს, კოვიდ-19-ის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნებოდათ.
ამ 775 პაციენტიდან, 29 დღის შემდეგ, მხოლოდ 7.3% იყო ჰოსპიტალიზებული, ან გარდაიცვალა. პლაცებოს მიმღებ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 14.1%-ს შეადგენდა. "მერკი" აცხადებს, რომ 30 დღის შემდეგ, "მოლნუპირავირის" მიმღებ ჯგუფში სიკვდილის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. კვლევას კოლეგების განხილვის ფაზა ჯერ არ გაუვლია და შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
თუ მედიკამენტი აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა, ამერიკის მთავრობა ამბობს, რომ ანტივირუსული აბების დაახლოებით 1.7 მილიონ დოზას შეისყიდის. "მერკი" აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 10 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია. "მოლნუპირავირის" ფასი ჯერ ცნობილი არ არის.
Facebook Forum