ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების გავლენა ჯანმრთელობაზე


ისეთ პოლიტიკურ მოვლენებს, როგორიცაა სტრესული არჩევნები, შეუძლია მკვეთრად უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. რუბრიკაში „გალილეო“ დღეს ამერიკელ მეცნიერთა ორ კვლევას გაგაცნობთ, რომელთა მიხედვითაც არჩევნების დროს დაგროვილ ბრაზს და მრავლობით სტრესს, შეუძლია გულსისხლძარღვთა დაავადებების პოტენციურად სასიკვდილო გართულებები გამოიწვიოს.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა რეტროსპექტულად შეისწავლეს ამერიკაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენა გულის დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებში. კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯგუფში, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს, გულის არითმიები არჩევნების წინა კვირებში და უშუალოდ არჩევნების დროს, 77%-ით გაიზარდა.

მეცნიერები აკვირდებოდნენ 2 436 პაციენტს, რომლებიც იმპლანტებს ატარებდნენ. მათ არჩევნებამდე 6 კვირით ადრე პერიოდის მონაცემები შეადარეს წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებს. 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მოსახლეობის ამ ჯგუფში არითმიის ეპიზოდები წინა წელთან შედარებით, 77%-ით გაიზარდა. 2016 წელს 2 592 ეპიზოდი იყო 655 პაციენტში, 2015-ში კი 1533 ეპიზოდი აღირიცხა 472 პაციენტში.

„რისკის ზრდა მნიშვნელოვანი იყო გულ-სისხლძარღვთა იმ ცნობილი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, როგორიცაა: ასაკი, ჰიპერტენზია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევები, თუ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობა“ - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, კარდიოლოგიის განყოფილების პროფესორი ლინდსი როსმანი. მისი თქმით, არჩევნების პერიოდში გაიზარდა არტერიული ფიბრილაციაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან „მას შეუძლია გაზარდოს სისხლის კოლტების რაოდენობა, გამოიწვიოს ინსულტი და სხვა გულთან დაკავშირებული გართულებები“.

კვლევის ლიმიტებს შორის სახელდება დაკვირვების ქვეშ მყოფი ჯგუფის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ამერიკის ერთი შტატის მოსახლეობითაა შეზღუდული, იმის მიუხედავად, რომ იქ 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამას გარდა, კიდევ უფრო სერიოზული მნიშვნელობის ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ საუბარია ადამიანთა ჯგუფზე, რომელსაც უკვე აქვს მიდრეკილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ და იმპლანტებს ატარებს. ჩრდილოეთ კაროლინის მეცნიერთა ჯგუფი კვლევის გაფართოებას და 2020 წლის არჩევნების შესასწავლად, მოსახლეობის გაცილებით უფრო დიდი ნაწილის მოცვას გეგმავს.

მაგრამ, ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც პოლიტიკურ არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ სტრესს სწავლობს. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა გასულ წელს იმავე არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კიდევ ნაშრომი. მასში ჰარვარდის უნივერსიტეტის და „კაიზერ პერმანენტეს“ მეცნიერებმა სამხრეთ კალიფორნიის ჯანდაცვის სისტემის მონაცემები გააანალიზეს.

კვლევის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლი არჩევნების პირველი ორი დღის მანძილზე, წინა წლის იმავე დღეებთან შედარებით, 1.62-ჯერ გაიზარდა. არჩევნების წელს, 2016-ში ჰოსპიტალიზაცია ყოველ 100 000 მოსახლეზე 573.14-ს შეადგენდა. წინა წელს კი იმავე დღეებში - 353.75-ს. მონაცემები ქალებში კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე კაცებში. რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არსებითი განსხვავება არ დაფიქსირებულა.

დაკვირვება მეორე კვლევის შემთხვევაში მოსახლეობის გაცილებით დიდ და მრავალფეროვან ჯგუფზე ჩატარდა. მეცნიერებმა შეისწავლეს 3 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. მათ შორის ყველაზე დიდი ჯგუფი (64%) იყო 18-დან-54 წლამდე ასაკის, 53% კი ქალი გახლდათ.

„ეს ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალია. გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს იმის მიმართ, თუ როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე სტრესი, რომელიც პოლიტიკურ კამპანიებს, საარჩევნო რიტორიკას და არჩევნების შედეგებს უკავშირდება“ - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ექიმი დევიდ უილიამსი, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი.

პირველ ნაშრომთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ამერიკის გულის დაავადებათა ასოციაციის ჟურნალში JAHA. ლინდსი როსმანთან ერთად, მისი ავტორია 8 ადამიანისგან შემდგარი სამეცნიერო ჯგუფი. მეორე ნაშრომის უფრო დაწვრილებით გაცნობის მსურველებს შეუძლიათ ნახონ სამეცნიერო ჟურნალი PNAS. მას ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გამოსცემს. კვლევის ავტორია მეცნიერთა 12-კაციანი ჯგუფი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG