გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,რომ საქართველო უარს აცხადებს ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს დახმარების მიღებაზე, რომელიც სასამართლო რეფორმას უკავშირდებოდა. საპასუხოდ, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეასრულოს აღებული ვალდებულებები და გაატაროს კრიტიკული რეფორმები სასამართლო სისტემაში, რა რეაქცია მოჰყვა ქართული ოცნების ამ ნაბიჯს, ბრიუსელში? ანი ჩხიკვაძე პოლონელ ევროპარლამენტარს, ევროპის სახალხო პარტიის წევრ, ანდრეი ჰალიცკის ესაუბრა.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ მიიღებს 75 მილიონის დახმარებას, როგორ აისახება ეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას?
მე მოვისმინე ბატონი ღარიბაშვილის განცხადება. გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან ჯერ არ არის მიღებული. ეს მეორე ნაწილი იყო იმ დახმარების, რომელიც პირობითია და მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი თანამშრომლობის. [ამ დახმარების გაცემა] ერთი მხრივ უკავშირდებოდა ანტიკორუფციულ საქმიანობას, რომელიც არ ხორციელდება, და მეორე მხრივ რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმას, კანონის უზენაესობას და პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.
ჩემმა კოლეგამ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ ვერ იტყვი უარს დახმარებაზე, თუ მას არ გთავაზობენ. ეს ასეა. ვითარება ასეთია. ეს დახმარება ქართველი ხალხის, კომპანიებისა და ქვეყნისთვისაა და თუ პრემიერ-მინისტრი ამ მოედანზე არ ითანამშრომლებს, ის საკუთარი ხალხის ინტერესების და სარგებლის წინააღმდეგ წავა.
კიდევ ერთხელ გავმეორდები: რა სურათს ქმნის ეს საქართველოს განცხადებული ევროპული მისწრაფებების კუთხით?
ევროპარლამენტის წევრებს - ყველას, და ეს არაა მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია - გვსურს ვითანამშრომლოთ ქართველ ხალხთან და ქვეყანასთან. ჩვენ იმედი გვაქვს ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. ესაა ჩვენი მიზანი. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს აქვთ არჩევანის უფლება.
განსხვავება ნათელია, ერთის მხრივ არის დასავლეთი, ღია და დემოკრატიული ალიანსი, ერთიანი ევროპა და მეორე მხარეს არის აღმოსავლური წესრიგი, შეზღუდული დემოკრატია, შეზღუდული თავისუფლება და უსაფრთხოება. არჩევანი საქართველოსია. მთავრობას აქვს უფლება საკუთარი გზა, სტრატეგია აირჩიოს, თუ საით სურს წაიყვანოს და განავითაროს ქვეყანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როცა ის კრიტიკას პასუხობდა, განაცხადა, რომ მისი უფროსი არა ევროპარლამენტარები, არამედ ქართველი ხალხია. როგორ უპასუხებდით ამას?
რა თქმა უნდა, და ამას არჩევნები წყვეტს. ყველა ქართველს სურს ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება, კითხვა ისაა, როგორ უნდა მიაღწიოს ამას [საქართველოს მთავრობამ]? Როგორ უნდა შექმნა შესაძლებლობები და მოლოდინები გარდაქმნა რეალობად.
ჩვენ მეორე მხარეს ნამყოფი ვართ, მე პოლონელი ვარ. შეგვიძლია შევადაროთ. დღეს ბერლინის კედელი აღარ არსებობს, თუმცა განსხვავებები ნათელია. თუ საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს ლუკაშენკოს რეჟიმთან, და ჩვენ ვიხილეთ შეთანხმება [ლუკაშენკოს რეჟიმის] სპეცსამსახურებთან, ეს თავისუფლების, ხალხის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული სტანდარტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ეს არჩევანია.
ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოეწონებათ ვითარება, როცა მათი სამართალდამცავები უდანაშაულო ბელარუსის მოქალაქეებს და დემოკრატიულ აქტივისტებს გააგზავნიან ციხეში. ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის. თუმცა კიდევ ერთხელ, ეს არჩევანია.
როგორ ფიქრობთ, ეს ნაბიჯი, უარი დახმარებაზე, ამ არჩევანს აჩვენებს?
უარი პოლიტიკური საკითხია და ის ევროპის მოლოდინების და კეთილგანწყობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ მხარეს კეთილგანწყობა გავქვს, თუმცა მეორე მხარეს ამ კეთილგანწყობას ვარ ვხედავთ.
თუ საქართველო უარს ამბობს დახმარებაზე, სხვა რა ბერკეტები აქვს ევროპას, რომ რეფორმები შესრულდეს?
ჩვენ სტრატეგიული შეთავაზება გვაქვს. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მაგალითად - მოლდოვისთვის. იქ ვიხილეთ, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით მოხდა ცვლილებები. ეს შეთავაზება - ერთიანი ევროპის წევრობაა. და ეს მიზანი მომავალ წლებში მიღწევადი და რეალისტურია.
უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ეს სამკუთხედი, ამ გზაზე ერთად უნდა იდგნენ. ისევე, როგორც ეს ჩვენი ვიშეგრადის ოთხეულის - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის - შემთხვევაში მოხდა. ეს საქართველოსთვისაც მიღწევადია.
თუმცა, კიდევ ერთხელ, ამისთვის უნდა შესრულდეს პირობები. პირობები, რომლებიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას და ანტიკორუფციას. უნდა ჩანდეს, რომ ეს ნამდვილი ბრძოლაა, და არა მოჩვენებითი და ხელოვნური.
თუმცა, გარკვეულწილად ვიცოდით, რომ ეს არ მოხდებოდა. ვგულისხმობ იმას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო გაწერილი. შეიძლება ითქვას, რომ დოკუმენტი თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. ის ხელისუფლების 9 წლის თავზე, ქართული ოცნებისგან სასამართლო რეფორმების გატარების მოიცავდა, მაშინ როცა მთელი ეს წლები ეს არ მომხდარა და არც ბოლო ექვს თვეში არ გვინახავს. ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ერთი თვის წინ დატოვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი მიდგომა აქვს აქ ევროპას და რა შეუძლია მას გააკეთოს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს რეფორმები გაატაროს?
მე ვიხმარდი პოლონურ გამოთქმას, უბრალო გამოთქმას, თუმცა სწორს, რომ „მაჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი ვინ ხარ შენ“. ღარიბაშვილის ინტერვიუ ვნახე, მან თქვა, რომ ევროპის სახალხო პარტიაში მისი მტრები არიან. მე მინდა ვუთხრა მას: პრემიერ-მინისტრო თქვენ სცდებით! ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ! ნამდვილად! თუმცა თუ ლუკაშენკოს აირჩევთ მეგობრად, შემდეგ ჩაიხედეთ სარკეში და შეხედეთ თქვენ თავს და უპასუხეთ კითხვას, ვინ ხართ თქვენ?
Facebook Forum