იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისი ევაკუაციაც ქაბულიდან მოხდება, დღიდან დღემდე შეიცვლება, იმ დღისთვის შექმნილი სპეციფიკური ვითარების და უსაფრთხოების მდგომარეობიდან გამომდინარე - ამბობს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. კვირას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთის საკითხებზე ამერიკის მოსახლეობის მიმართ კიდევ ერთი ტელემიმართვა გააკეთა.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტიდან ბოლო 24 საათში 7 800 ადამიანი გაიყვანა. საღამოს გაკეთებულ განცხადებაში კი ითქვა, რომ მათ რიცხვს კიდევ 5 100 დაემატა.
ბოლო კვირაში, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან 30 300 ადამიანის ევაკუაცია შეძლო. ჯამში ივლისის ბოლოდან 35 500-ია ავღანეთიდან გაყვანილი, თუმცა ქვეყნის დატოვებას დამატებით კიდევ ათობით ათასი ადამიანი ელის.
"დაბრუნდება ნებისმიერი ამერიკელი, რომელსაც შინ დაბრუნება სურს" - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ბაიდენის თქმით, მათ ასევე გამოჰყავთ ავღანელი მოკავშირეები და სხვა დაუცველ სიტუაციაში მყოფი ავღანელები.
პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ევაკუირებულები პირდაპირ ამერიკაში არ მოფრინავენ. ქაბულიდან აფრენილი ყველა თვითმფრინავი სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე სამხედრო ბაზებზე ჯდება, სადაც არაამერიკელი მოქალაქეები უსაფრთხოების შემოწმებას გადიან.
შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს აეროპორტში საქმე აქვთ, როგორც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, "წარმოუდგენლად ცვალებად სიტუაციასთან", მას შემდეგ რაც თალიბანმა ავღანეთი ერთი კვირის წინ სწრაფად დაიკავა. პრეზიდენტ ბაიდენს თავის მართლება უწევს. მის მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას სამშობლოში ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც რესპუბლიკელი ოპონენტები, ისე დემოკრატი მხარდამჭერები.
დამატებითი საჰაერო ძალები
შეერთებულმა შტატებმა ქაბულიდან ევაკუაციის პროცესში სამოქალაქო ავიაციაც ჩართო. პენტაგონის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავების გარდა, ქვეყნის დატოვების მსურველ ამერიკელ და ავღანელ მოქალაქეებს 6 ამერიკული კომპანიის 18 სამგზავრო თვითმფრინავი დაეხმარება.
მართალია, ევაკუაცია ძირითადად ქაბულის აეროპორტიდან ხდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში სამხედრო ვერტმფრენებიც ერთვებიან. შეერთებულმა შტატებმა 3 სამხედრო ვერტმფრენით განახორციელა 169 ამერიკელის ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სასტუმროდან გაყვანის პროცესი. "ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რომ ამერიკელები საფრთხეს გავარიდოთ" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში საკმარისი ძალები ჰყავს, რათა ქაბულის აეროპორტში შექმნილ სიტუაციას თავი გაართვას. მისი თქმით, ამ მომენტისთვის საკმარისი ძალებია ადგილზე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ამერიკელთა დიდი რაოდენობით აეროპორტიდან გაყვანა და ხალხის მოზღვავებული ნაკადის კონტროლი.
"პრეზიდენტი ბაიდენი ყოველდღიურად ეკითხება თავის სამხედრო მეთაურებს, მათ შორის მათ, ვინც აეროპორტშია და მათ, ვინც პენტაგონშია: ხომ არ სჭირდებათ დამატებითი რესურსი, დამატებითი ჯარები. ჯერჯერობით, პასუხია "არა", თუმცა ის კითხვას დღესაც დასვამს" - აცხადებს ჯეიკ სალივანი.
ბაიდენის რეიტინგები
ზედიზედ რამდენიმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობის მაჩვენებელი ეცემა. თუმცა, ამერიკელთა უმრავლესობა თვლის, რომ ამერიკის ჯარები ავღანეთიდან უნდა გამოსულიყო.
კვირას გამოქვეყნებულმა "სი-ბი-ესის" ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელები ფიქრობენ, რომ ამერიკის ძალებმა ავღანეთი "ძალიან ცუდად" ან "ასე თუ ისე, ცუდად" დატოვა. გამოკითხულთა 63%-ის აზრით, ჯარები ავღანეთითან უნდა გაეყვანათ.
იმავე გამოკითხვით, ბაიდენის მიერ სიტუაციისთვის თავის გართმევას დადებითად მხოლოდ ამერიკელთა 47% აფასებს. როცა "სი-ბი-ესის" ჟურნალისტმა კვირას პრეზიდენტს ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკის ჯარების გაყვანა ავღანეთიდან "მტკივნეული იქნებოდა იმის მიუხედავად, თუ როდის დაიწყებოდა ეს პროცესი".
გასულ კვირას "როიტერის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი 46%-ზე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც მას იანვარში ოფისის დაკავების შემდეგ ჰქონია.
Facebook Forum