ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაჩერებლად, ვაქცინის პირველი დოზის მეტი ადამიანისთვის გაკეთება უფრო აუცილებელია, ვიდრე ე.წ. "ბუსტერები" მათთვის, ვინც სრულადაა ვაქცინირებული. ე.წ. "ბუსტერი" ზოგ შემთხვევაში ერთ ან ორდოზიანი ვაქცინების დამატებითი დოზაა, რომელიც უკვე გაკეთებული ვაქცინის ეფექტს აძლიერებს.
გლობალური სააგენტოს ყოველკვირეულ ბრიფინგზე ჟენევაში, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ორგანიზაციამ გასულ კვირას მსოფლიოს მასშტაბით 2 000-მდე ექსპერტი შეკრიბა და ე.წ. "ბუსტერების" თაობაზე მათი მოსაზრებები და კვლევების მონაცემები შეაჯერა. ამ დისკუსიაზე დაყრდნობით, გებრეიესუსი ამბობს, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, პირველი დოზის გაკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მანამ, სანამ ე.წ. "ბუსტერების" გაკეთება დაიწყება.
აგვისტოს დასაწყისში გებრეიესუსმა გასული წლის საკუთარი მოწოდებაც გაიხსენა, როდესაც ის "ვაქცინების ნაციონალიზმზე" საუბრობდა, როდესაც ყველაზე მდიდარი ქვეყნები ვაქცინების დიდ ნაწილს აგროვებენ და იყენებენ მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებს დოზები არ ჰყოფნით, ან საერთოდ არ აქვთ. ჯანმომ ამ თვეში ქვეყნებს ე.წ. "ბუსტერებზე" დროებითი მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რათა მდიდარმა ქვეყნებმა შედარებით ღარიბ ქვეყნებს უფრო მეტი დოზა გაუნაწილონ, რათა ამ სახელმწიფოებში აუცრელი მოქალაქეების პირველი დოზით აცრა მაინც დაიწყოს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებში.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ვაქცინების არსებული მარაგის 75 % სულ რაღაც 10 ქვეყანაშია გაკეთებული. მაშინ, როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში აცრილი მოსახლეობის წილი ბევრგან 2 %-საც ვერ აღწევს. გებრეიესუსი ამბობს, რომ მსოფლიოში ეს უთანასწორობა მხოლოდ და მხოლოდ უფრო გაღრმავდება და გაიზრდება, თუკი მდიდარი ქვეყნები ე.წ. "ბუსტერების" გამოყენებას მიანიჭებენ უპირატესობას, და არა ვაქცინების მარაგების გადანაწილებას და სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებას. მისივე განმარტებით, დელტას მსგავსი ახალი და საშიში ვარიანტების გაჩენის შეჩერების გზა, სწორედ მეტი ადამიანის აცრაა.
"კოვიდ-19-ის ვირუსი ვითარდება. ლიდერების საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება ვიწრო ნაციონალისტური მიზნები მაშინ, როდესაც ისინი ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ცხოვრობენ, ვირუსი კი სწრაფად განცდის მუტაციას", - განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
Facebook Forum