ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალების პიკი დაფიქსირდა


დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 44 536 ტესტირებიდან კორონავირუსის 5697 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს 2021 წლის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი, რაც ასევე ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

"მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო და არ არის მარტივი სიტუაცია", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფოს რესურსი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ და აუცილებელია მოსახლეობამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც აიღოს.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო მედიას და მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მოწოდებული. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტროში არ მოხდეს კოლაფსი“, - განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრი ამბობს, რომ "დღესდღეობით ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს".

რეგულაციების შემსუბუქება ესახება პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად თენგიზ ცერცვაძეს, ინფექციური საავამდყოფოს გენერალურ დირექტორს.

"ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით. დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. რამდენადაც მე ვიცი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. რატომ მოხდა ეს? ამას ჩვენ სისტემატიურად ვიმეორებდით. ზოგს სჯეროდა, ზოგს არ სჯეროდა და ასეთი სამწუხარო შედეგი დადგა. ამის მიზეზი არის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება. მხედველობაში მაქვს, რომ არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს.

ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მხრივ. თქვენ იცით, რომ ჯარიმები გაუქმდა, ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, რომ მოსახლეობა, რომელიც ისედაც პანდემიის პირობებში ეკონომიკურად შევიწროებული იყო, დამატებითი ტვირთი არ დასწოლოდა მათ, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა და ისე კი არ მოიქცა, რომ მას აპატიეს პირბადის არ ტარება ან ხალხმრავალი შეკრება, ქორწილი. პირიქით ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება და ამ პრაქტიკას აგრძელებენ", - ამბობს ცერცვაძე.

საქართელოში, 2713-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ბოლო 24 საათში აიცრა 23 744 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 664 997 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 204 234.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG