„ჩვენ არ გვსურს დაპირისპირება რუსეთთან, ჩვენ არ გვსურს არც გადატვირთვის პოლიტიკა, ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან, როდესაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის გადავდგამთ ნაბიჯებს, როდესაც რუსეთი საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების ინტერესებს უკრაინაში, საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას“, - ამბობს ფილიპ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
რიკერი დიპლომატიური მოვალეობის შესრულებას მალე ბრიტანეთში განაგრძობს. ის ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ურთიერთობების გაუმჯობესება-გამოცოცხლების დაპირება ერთ-ერთ საუკეთესო ეტაპს ქმნის ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, დემოკრატიული ქვეყნების თანამშრომლობისთვის და ავტორიტარიზმის გამოწვევებთან დაპირისპირებისთვის.
„პრეზიდენტი ბაიდენი ხშირად ამბობს, რომ ვერცერთი ქვეყანა, მათ შორის ისეთი ძლევამოსილიც კი, როგორიც ამერიკაა, სამხედრო, ეკონომიკური, გეოგრაფიული, დიპლომატიური თუ სხვა კუთხით, ვერ შეძლებს მარტო გაუმკლავდეს ზოგიერთ იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს პარტნიორებს. უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღოების კუთხით - ჩვენს ალიანსებს და ძალა აღვიდგინოთ, განსაკუთრებით კი კოვიდ-პანდემიის შემდეგ“, -განმარტავს დიპლომატი.
ჩვენ არაერთი გამოწვევა გვაქვს, ჩინეთის აღმასვლა, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენები, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, პოპულიზმის ზრდა რამდენიმე ტრანსატლანტიკურ ქვეყანაში და არაერთი სხვა რამ. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა არ არის კონსენსუსი ამ ყველა პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა და დრო, რომ წინ წავიწიოთ,- პატრისია პენია
„ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ამბობს პაულა დობრიანსკიც, „ატლანტიკური საბჭოს“ სკოუკროფტის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი და განმარტავს, რომ მსოფლიო ახლა სტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში იმყოფება. ამ ეპოქაში კი ავტოკრატი მეტოქეები - რუსეთი, ჩინეთი და სხვები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობენ.
დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირების ხანგრძლივი საფუძვლები, კორონავირუსის პანდემიის ეფექტი, მზარდი გლობალური ვაქცინაციის პირობებში ვირუსის კვლავ სწრაფი გავრცელება, პანდემიის ეკონომიკური გავლენა და ამავე დროს, საფრთხეები, რომლებსაც იწვევს ესა თუ ის მავნებლური ტექნოლოგია, ბირთვული იარაღი, დემოკრატიული უკუსვლა მსოფლიოს არაერთ ნაწილში და კლიმატის ცვლილება, - არაერთი კრიტიკული გამოწვევის პირისპირ მყოფი მსოფლიოს ლიდერები ამბობენ, რომ უმთავრესი გამოსავალი თანამშრომლობის გაღრმავებაა, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიც ამერიკა, კანადა და ევროპის სახელმწიფოებია.
როგორ შეუძლიათ დემოკრატიულ მოკავშირეებს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის განახლება? პაულა დობრიანსკი ამბობს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ „დიდი შვიდეულის“, ნატოს, ევროკავშირი-ამერიკის სამიტების ფარგლებში და სხვა დროსაც, ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობის მრავალგზის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თანამშრომლობა გაღრმავდეს და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა შეძლონ როგორც მზარდ ავტორიტარიზმთან, ისე სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანდაცვის პრობლემებთან გამკლავება.
„პრეზიდენტ ბაიდენის მონაწილეობა „დიდი შვიდეულის", ნატოსა და ევროკავშირის სამიტებში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამერიკა ადასტურებს მრავალმხრივი ალიანსებისადმი ერთგულებას. ბრიტანეთი „ბრექსიტის“ შემდეგ ხაზს უსვამს ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობას. ევროპას სურს, ჩართული იყოს მოკავშირეებთან ერთად გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში. კანადა კი მთავარი მოთამაშეა ტრანსატალანტიკურ, მრავალეროვან ურთიერთობებში და ამავე დროს ასრულებს ხიდის ფუნქციას ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, დემოკრატიულ პარტნიორებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში“, - ამბობს დობრიანსკი.
„კანადის საერთაშორისო ურთიერთობების“ საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი პატრისია პენია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გზებზე მსოაზრებები განსხვავებულია, ამ ქვეყნების თანამშრომლობა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მათ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ:
„ჩვენ არაერთი გამოწვევა გვაქვს, ჩინეთის აღმასვლა, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენები, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება, პოპულიზმის ზრდა რამდენიმე ტრანსატლანტიკურ ქვეყანაში და არაერთი სხვა რამ. ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა არ არის კონსენსუსი ამ ყველა პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა და დრო, რომ წინ წავიწიოთ. პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან ბოლოდროინდელმა მიდგომამ ტრადიციული, ტრანსატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ეს ენთუზიაზმი კიდევ ერთხელ გააღვივა. და გასაგებია, რომ კანადამ, ამერიკამ და ევროპამ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს მომენტი. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ამ ურთიერთობების საფუძვლები გავამყაროთ. ესაა თანამედროვე ისტორიის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ერთობა და ჩვენ შეგვიძლია ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის შექმნა, მსოფლიო წესრიგის გამყარება. კანადა კი სავსებით ერთგულია ამ მიზნისა“, - ამბობს პენია.
აშშ-ევროპასთან ერთად, კანადის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს ფილიპ რიკერიც და განმარტავს, რომ საერთო ღირებულებების მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოების თანამშრომლობა განსაკუთრებით საგულისხმოა ახლა, იმ პირობებში, როდესაც ავტორიტარი მეტოქეები, რუსეთი და ჩინეთი უკან დახევას არ აპირებენ. „ტრანსატლანტიკური კავშირები ამ პრობლემებთან გამკლავების მთავარი გზაა“, - ამბობს დიპლომატი.
რიკერი განმარტავს, რომ რუსეთთან დაკავშირებით პრეზიდენტ ბაიდენის პოზიცია თავიდანვე ძალიან ნათელი იყო: ამერიკას არ სურს დამაპირისპირებელ საკითხებზე ფოკუსირება, თუმცა არც „გადატვირთვის პოლიტიკა“ სურს. ამავე დროს ადმინისტრაცია პრაგმატულად უყურებს მოვლენებს, განახლდა „ახალი სტარტის“ შეთანხმება, რადგან ეს ორმხრივი ინტერესის საგანი იყო, საუბარია სტრატეგიული სტაბილურობის და კიბერსივრცის მიმართულებით.
თუმცა, „ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან პრაგმატულად მიუდგა რუსეთის უგუნური და აგრესიული ქმედებების ზოგიერთ მიმართულებას, იქნება ეს „სოლარუინდსზე“ ჰაკერული თავდასხმა, ჩვენს არჩევნებში ჩარევა თუ სხვა. მან ეს ნათლად უთხრა ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისასაც და ჟენევაშიც, რომ ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესი, გვქონდეს უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ პასუხს გავცემთ უგუნურ ქმედებებს და მივიღებთ ზომებს, როცა რუსეთი საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ან ჩვენი პარტნიორების, მოკავშირეების ინტერესებს, იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ სადმე სხვაგან“, - ამბობს ფილიპ რიკერი.
მისივე განმარტებით, ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვა ამერიკისთვის შეშფოთების საგანია. ეს ყველაფერი კი იმ დიდი ტენდენციის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოებებისა და მთავრობებისთვის მთელ მსოფლიოში ცდილობენ ძირის გამოთხრას. „სწორედ ესაა დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენს მსგავსად მოაზროვნე პარტნიორებთან და დემოკრატია გავაცოცხლოთ“, - ამბობს დიპლომატი.
საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები ჩინეთის მზარდ გამოწვევაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ამერიკის, კანადისა და ევროპის სახელმწიფოების ერთობა ამ მხრივაც უმნიშვნელოვანესი იქნება. რიკერის თქმით, ადმინისტრაციის პოლიტიკა ნათელია, ამერიკას ექნება კონკურენტული ურთიერთობა ჩინეთთან, როდესაც ეს საჭიროა, იქნება თანამშრომლობაც, როდესაც ეს შესაძლებელია, და იქნება დაპირისპირებაც, სადაც „უნდა იყოს“. მისი აზრით, ამერიკა-კანადა-ევროპის ურთიერთობა ჩინეთთან მომავალი ათწლეულების და შესაძლოა მთელი 21-ე საუკუნის საგარეო ურთიერთობების განმსაზღვრელიც კი აღმოჩნდეს.
Facebook Forum