აშშ-ის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს სურსათის ფასებმა ქვეყანაში საშუალოდ 3.5%-ით მოიმატა. ამავე მონაცემებით, საგრძნობლადაა გაზრდილი ხორცპროდუქტების ფასი. სპეციალისტები კი სურსათზე ფასის კლებას უახლოეს მომავალში არ ელოდებიან.
სურსათზე გაზრდილი ფასები, დაბალშემოსავლიან ოჯახებთან ერთად, გავლენას ახდენს ე.წ. „საკვების ბანკებზე“, რომლებიც დახმარების საჭიროების მქონე ჯგუფებზე პროდუქტს უფასოდ გასცემს.
„გაზრილი ფასები აძვირებს გაჭირვებული ოჯახის შენახვას. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი შესყიდვების შესახებ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ეკონომისტები ამბობენ, რომ მინიმუმ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სურსათზე მაღალი ფასები შენარჩუნდება“ - აცხადებს ალისონ პაჯეტი, „Food and Other”- ის განვითარების პროგრამის დირექტორი.
მაღალი ფასებით შექმნილი პრობლემის შესახებ საუბრობს ჩიკაგოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი „საკვების ბანკის“ წარმომადგენელი. „ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტს ვხარჯავთ საკვებზე, ვიდრე გასულ წლებში ვხარჯავდით, წელს ჩვენი შესყიდვების ბიუჯეტი გაორმაგდა“ - აცხადებს გრეგ ტროტერი.
დახმარების გამცემი ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ პრობლემა ჯერ მათზე არ ასახულა, რადგან მიწოდებული მარაგი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა ელოდებიან, რომ უახლოეს მომავალში პრობლემა მათაც დაუდგებათ.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ფასის ზრდა ჩვენზე გავლენას მალე მოახდენს. უკვე თადარიგს ვიჭერთ და მადლიერების დღის დღესასწაულისთვის ინდაურებს ვყიდულობთ. მათი ფასი ძალიანაა გაზრდილი, ამიტომ ვერ შევძლებთ იმდენი შევიძინოთ, რამდენსაც როგორც წესი ვყიდულობდით. არადა, ოჯახები, განსაკუთრებით ბავშვებით, ჩვენზე იმედს ამყარებენ“ - აცხადებს მისისიპის „საკვების ქსელის“ კელი მორტი.
Facebook Forum