ისრაელის დაზვერვის სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელი, რომელიც პოსტს მალე ტოვებს, მიანიშნებს, რომ მისი ქვეყანა ირანის ბირთვული პროგრამისა და სამხედრო მეცნიერის წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმების უკან იდგა.
ისრაელის მე-12 არხის საგამოძიებო პროგრამა "უვდასთან" საუბრისას იოსი კოენმა უჩვეულო განცხადებები გააკეთა. მინიშნებებთან ერთად, მან ბირთვული პროგრამის სხვა ირანელი სპეციალისტებიც გააფრთხილა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე და მსხვერპლი ისინი აღმოჩნდნენ.
განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობის მოსალოდნელი დასასრულის ფონზე გაკეთდა. 13 ივნისს, კოალიციის მიერ ინიცირებული ნდობის ვოტუმის თაობაზე კენჭისყრაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ კენჭისყრა ნეთანიაჰუს მრავალწლიან მმართველობას დაასრულებს. ამავე დროს, ვენაში დიპლომატები ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და შეთანხმების "გადარჩენას" ცდილობენ.
2020 წლის ივლისში ირანში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, საიდუმლოებით მოცული თავდასხმა მოხდა. ირანი ისრაელს ადანაშაულებდა. წელს, აპრილში კი კიდევ ერთმა თავდასხმამ დაწესებულების მიწისქვეშა დარბაზების ნაწილი დააზიანა.
Facebook Forum