ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: რუსული საფრთხეების საპასუხოდ ნატო ასე მობილიზებული არასოდეს ყოფილა 


“ჩვენი განზრახვა არასოდეს ყოფილა ავღანეთში სამუდამოდ დარჩენა“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე. მისი თქმით, ნატო ავღანეთს ეტაპობრივად და კოორდინირებულად ტოვებს, მაგრამ დღეს ავღანეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელიც ის 2001 წელს იყო, როცა იქ ნატოს მისია დაიწყო.

გენერალურმა მდივანმა არაპირდაპირ მიანიშნა, რომ “მნიშვნელოვანი პროგრესის” მიუხედავად, ავღანეთი სტაბილურობისგან ჯერ შორსაა. მისი თქმით, „ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაცნობიეროთ, რომ ჯარის გამოყვანა რისკებთან არის დაკავშირებული“. ამის გამო, ალიანსი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამხედროების გამოყვანის პროცესში მათი უსაფრთხოება დაცული იქნას. „ჩვენ ასევე ვიყურებით წინ და ვფიქრობთ იმ გზებზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ავღანეთში აქამდე მიღწეული პროგრესი“. ამ ფონზე კი, ავღანეთში თალიბანის მიერ თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა ზოგიერთი ავღანელი ოფიციალური პირის შეფასებით „შოკისმომგვრელად“ მაღალია.

თურქეთ-რუსეთი - კონკურენცია და თანამშრომლობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ალიანსის გეგმაა, “აისაფის” მისიამ ავღანეთი 11 სექტემბრამდე დატოვოს.

ეს შეეხება ქართველ ჯარისკაცებსაც. ქვეყნიდან მათი გამოყვანა უკვე დაიწყო და საქართველოს ჯარისკაცების ნაწილი მშობლიურ ბაზებს დაუბრუნდა. ჯამში, 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა საქართველოს 20 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურე პირმა მიიღო.

ავღანეთის საკითხთან ერთად, ალიანსი ასევე ისაუბრებს რუსეთის მზარდ აგრესიაზე ნატოს საზღვრებთან, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, კიბერ-უსაფრთხოებაზე და კლიმატურ ცვლილებებზე. ნატოს სამიტამდე ერთი კვირით ადრე სტოლტენბერგის ვაშინგტონში ვიზიტი, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ მას ამერიკის ადმინისტრაციასთან და კანონმდებლებთან სამიტამდე ამ თემებზე პოზიციების და მიზნების კოორდინაცია სურს.

რუსეთი ალიანსის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან თანმიმდევრულ მოქმედებებს ვხედავთ. მათ დიდი ინვესტიციები ჩადეს სამხედრო შესაძლებლობებში, როგორც ჩვეულებრივი შეიარაღების, ასევე ბირთვული იარაღის თვალსაზრისით. ისინი აშინებენ საკუთარ მეზობლებს და ამისთვის სამხედრო ძალას იყენებენ საქართველოში, უკრაინაში; მათ მოახდინეს ყირიმის ანექსია, აწარმოებენ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას. ისინი ასევე ერევიან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ერევიან დემოკრატიულ არჩევნებში, აწარმოებენ კიბერთავდასხმებს. ეს კი ცხადია, ნატოს მოკავშირეებისთვის შემაშფოთებელია“.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ამ მოქმედებებზე რეაგირების თვალსაზრისით, ალიანსი „დახმარებას უწევს პარტნიორებს, როგორიცაა უკრაინა, იქნება ეს პოლიტიკური თუ პრაქტიკული დახმარება, ასევე საქართველოსაც. მაგრამ ამასთან ერთად, ცივი ომის შემდეგ ჩვენ კოლექტიური თავდაცვა უპრეცედენტოდ გავაძლიერეთ და ეს სწორედ რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა განაპირობა, განსაკუთრებით 2014 წელის შემდეგ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა“.

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამჟამად ოთხი ბატალიონი ჰყავს მობილიზებული, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ეს ალიანსის ისტორიაში აღმოსავლეთით ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა. ნატო ასევე აწარმოებს საჰაერო პატრულირებას და ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალიანსმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ყოფნა შავ და ბალტიის ზღვებში.

„ეს ყველაფერი ერთად აღებული არის ნატოს მოკავშირეების ძალიან ძლიერი და მკაფიო რეაგირება რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე“, თქვა გენერალურმა მდივანმა. სამიტზე მოკავშირეები 2030 წლისთვის ნატოს მზაობის გეგმაზე ისაუბრებენ, რომლის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობა იქნება.

ბრიუსელი, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებასთან ერთად, ამბობს, რომ კრემლთან დიალოგისთვის მზადაა. საერთო ინტერესების თემებზე სასაუბროდ, ნატოს ერთ-ერთი ფორმატი ნატო-რუსეთის საბჭოა.

ის 2002 წელს რომში გამართულ ნატო-რუსეთის სამიტზე შეიქმნა იმ მიზნით, რომ ალიანსსა და რუსეთს შორის ღია კომუნიკაციის არხი გახსნილიყო. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე საპასუხოდ, ალიანსმა საბჭოს საქმიანობა დროებით შეაჩერა. შეხვედრები 2016 წელს ნაწილობრივ განახლდა, ხოლო 2020 და 2021 წლებში არც ერთი შეხვედრა არ გამართულა.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოსგან უწყვეტი მოწვევის მიუხედავად, რუსული მხარე შეხვედრების განახლების წინადადებას უპასუხოდ ტოვებს.

ნატოს ბრიუსელის სამიტი წელს რამდენიმე თვალსაზრისით არის უპრეცედენტო. ერთი იმ მხრივ, რომ ის ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება და ზოგიერთი მონაწილე სამიტს ონლაინ ჩაერთვება, სამიტი უპრეცედენტოდ მოკლე იქნება, სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები არ გაიმართება და პირველად ნატო-საქართველოს პარტნიორობის დაწყებიდან დღემდე, სამიტზე საქართველო და უკრაინა არც ერთ ფორმატში არ არიან მიწვეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG