საქართველოში, შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პრესკონფერენცია გამართეს.
რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე ქვეყანაში პოლიტიკური ერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის წინ წასასვლელად. მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ისეთი სულისკვეთების გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანას და მის მომავალს წაადგება.
„მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის. სასამართლო რეფორმას რაც შეეხება, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“ - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა.
რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებული შტატები მას ყურადღებით დააკვირდება. სენატორმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად კი მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება და დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა. შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა.
„ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების, მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის წარმოებას. მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის", - აღნიშნა სენატორმა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში, ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობის საქმეში აპრილში, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ნაწილს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვის აუცილებლობას და თქვა, რომ „უნდა გაგრძელდეს ნაყოფიერი მუშაობა მიღწეულ კომპრომისზე დაყრდნობით, რათა საქართველომ მიაღწიოს ძლიერი, რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რომელსაც მისი მოქალაქეები იმსახურებენ“. მან საქართველოს შეერთებული შტატების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პოლიტიკურ მომავალს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონის და მსოფლიო დემოკრატიის მდგომარეობაზე“.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მომავალსაც. სენატორმა პორტმანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეფორმები აუცილებელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების საქმეში დასაწინაურებლადაც. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, იქნება ეს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატოს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას“ - განაცხადა პორტმანმა.
პრესკონფერენციაზე სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დააშინოს საქართველო და რუსეთის სამეზობლოში მყოფი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად რჩება.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება", - თქვა სენატორმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს გახდეს დასავლური ინტიტუტების ნაწილი.
"რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“ - განცხადა სენატორმა შაჰინმა.
სენატორები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. განცხადება მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს და ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოს ეკონომიკის აღდგენის თაობაზე.
“სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა” - აღნიშნავს პრემიერი ღარიბაშვილი.
ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელ სენატორებთან ისინი იმსჯელებდნენ არამარტო ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იმ პრობლემებზეც, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას. სამადაშვილი განმარტავდა, რომ ის პორტმანთან და შაჰინთან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრებდა.
"ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენ ქვეყანაში უკავშირდება ასევე დემოკრატიას და მის მომავალს. ამიტომ, მე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოწვევები დგას საარჩევნო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვისაუბრო იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება, მათ შორის, მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ნატოს მომავალ სამიტზე არც საქართველო და არც უკრაინა არ არის მიწვეული. „საქართველო პირველად არ იქნება ნატოზე მიწვეული, ამაში ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ვთხოვ ოპოზიციის, ჩვენი სახელით, რომ ეს როგორმე შევცვალოთ“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
საქართველოში სტუმრობამდე, სენატორები ლიეტუვას და უკრაინას ეწვიენ. ვილნიუსში ისინი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოუსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. სენატორებმა ციხანოუსკაიას ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადეს. კიევში ვიზიტისას კი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებლებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. შაჰინმა და პორტმანმა საქართველოში ვიზიტი 3 ივნისს საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს.
სტატიაში გამოყენებულია სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ თარგმნილი ციტატები.
Facebook Forum