ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპასუხო ზომები მინსკის წინააღმდეგ


ავიაკომპანიები თავიდან აირიდებენ ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია "ბელავიას" ევროპაში აკრძალვა ემუქრება, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა „რაინეარის“ თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვა და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი დააკავა.

ვიდეო, რომელიც გუშინ გავრცელდა აჩვენებს, რომ დაკავებული 26 წლის რომან პროტასევიჩი აღიარებს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზებას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გავრცელებულ ვიდეოს „საშინელი საყურებელი“ უწოდა და თქვა, რომ ბელარუსი საფასურს გადაიხდის. ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი თქვა, რომ ვიდეოში ჩანს რომ პროტასევიჩი ნაწამებია.

პროტასევიჩი, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის", „ნექსტა ლაივ“-ის ადმინისტრატორია, რომელიც დემონსტრაციებს აშუქებდა. ის და მისი კოლეგა სტიაპან პუცილა ქვეყნიდან გასულ წელს წავიდნენ, შიშით, რომ მათ დააკავებდნენ მას შემდეგ, რაც მათი არხი მინსკმა „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2020 წლის ნოემბერში, ბელარუსში მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მასობრივი არეულობის გამოწვევის და სოციალური წესრიგის შერყევის ბრალდებით.

„ის ამბობს, რომ მას კანონის შესაბამისად ექცევიან, თუმცა ნათელია, რომ ის ნაცემია და ზეწოლის ქვეშაა. არაა ორი აზრი, რომ ის აწამეს. ის ტყვედ აიყვანეს“, - განუცხადა ციხანოუსკაიამ ჟურნალისტებს ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე.

ბელარუსს არ უპასუხია წამების ბრალდებაზე. აქამდე მინსკი დაკავებულთა მიმართ ცუდ მოპყრობას უარყოფდა. თუმცა, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებმა ასობით შემთხვევა აღწერეს, რომელიც ძალადობასა და ძალდატანებით აღიარებებს შეიცავს პრო-დემოკრატი აქტივისტების წინააღმდეგ გასული წლის საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

გასული წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, რომელიც დასავლეთში გაყალბებულადაა მიჩნეული, საპროტესტო აქციები ლუკაშენკოს გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

საფრანგეთმა და ირლანდიამ მომხდარი შეაფასეს, როგორც „მეკობრეობა“. სამშაბათს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, მომხდარს „სახელმწიფო გატაცება“ უწოდა.

მინსკის ნაბიჯების პასუხად, ევროპის საჰაერო კონტროლის სააგენტომ „ევროკონტროლმა“ გასცა რეკომენდაცია, რომ ევროკავშირის და ბრიტანეთის ავიახაზებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე თავიდან აირიდონ და ფრენები ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით გადაამისამართონ.

რამან პრატასევიჩი გავრცელებულ ვიდეოში
რამან პრატასევიჩი გავრცელებულ ვიდეოში

ლუკაშენკოს მოწინააღდეგე აქტივისტების მხარდაჭერის ხაზგასასმელად,საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, რომ ბელარუსიის ოპოზიცია ბრიტანეთში დაგეგმილ შვიდი ქვეყნის სამიტზე იყოს მიწვეული.

ლუკაშენკოს პირადი ბრძანება

ბელარუსიულმა სახელმწფო მედიამ განაცხადა, რომ რეისის მინსკში დასმა ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანება იყო. მინსკმა, თვითმფრინავს აცნო, რომ ბორტზე ბომბის საფრთხე იყო. თუმცა ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მომხდარი შესაძლოა არღვევდეს, 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციას სამოქალაქო ავიაციის შესახებ.

პროტასევიჩთან ერთად 23 წლის სტუდენტი მგზავრობდა, რომელიც ასევე დააკავეს. მინსკში თვითმფრინავი კიდევ სამმა პირმა დატოვა, რომლებიც დასავლეთის ეჭვით ოპერაციაში ჩართული დაზვერვის აგენტები იყვნენ.

ისინი ბელარუსიულმა სახელმწიფო მედიამ ჩაწერა და თქვა, რომ ორი მათგანი ბელარუსის მოქალაქე, ხოლო ერთი ბერძენია. სამივე მათგანმა განაცხადა, რომ თავად მოითხოვეს თვითმფრინავიდან ჩამოსვლა, რადგან ისედაც მინსკში ჩასვლას გეგმავდნენ ვილნიუსის შემდეგ.

ევროკავშირის ლიდერებმა, ორშაბათს გამართულ სამიტზე, ავიახაზებს მოუწოდეს, რომ აღარ იფრინონ ბელარუსის ავიასივრცეში, რომელიც ევროპა-აზიის სატრანსპორტო გზაზე მდებარეობს და რასაც მინსკისთვის შემოსავალი მოაქვს.

„ლუფტანზა“-მ, „კა-ელ-ემ“-მა, „სას“-მა, „ეარ ფრანსმა“, „ლოტმა“ და „სინგაპურის ავიახაზებმა“ განაცხადეს, რომ ისინი აღარ იფრენენ ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით.

ევროკავშირის ლიდერებმა, მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავება დაიწყეს, რომლის დეტალებიც ამ დრომდე უცნობია. ბრიუსელი ასევე გეგმავს, ბელარუსიული „ბელავიისთვის“ ევროპის ბაზარზე წვდომის შეზღუდვას.

ბელარუსიდან ფრენების შეწყვეტის გადაწვეტილება მიიღო ასევე უკრაინამაც, მათ შორის, ბელარუსის სივრცის გამოყენებითაც. ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი გზა ბელარუსში მოსახვედრად, რუსეთის გავლით ფრენაა.

„თუ ამას გავატარებთ, ხვალ ალექსანდრ ლუკაშენკო უფრო შორს წავა და უფრო მეტად თავხედურად მოიქცევა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო ტალღის ჩახშობის და ოპოზიციის დევნის გამო, მინსკს ფინანსური სანქციების რამდენიმე წყება უკვე დაუწესეს. თუმცა ამ სანქციებს ლუკაშენკოს ქცევაზე, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების და ფინანსური მხარდაჭერა აქვს, გავლენა არ ჰქონია.

ლუკაშენკო გასული წლის არჩევნების გაყალბებას უარყოფს. მან ათასობით ოპონენტი და დემონსტრანტი დააკავა საპროტესტო ტალღის ფონზე. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობა კი დაკავებული ან ქვეყნიდან წასულია.

მოსკოვმა უარყო ბრალდებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ბელარუსს ამ ოპერაციაში. მოსკოვმა დასავლეთს ბრალი დასდო პირფერობაში და 2013 წლის შემთხვევა გაიხსენა, როცა მოსკოვიდან გაფრენილი, ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავსტრიაში დასვეს შეერთებული შტატების მოთხოვნით, იმ ცნობებიდან გამომდინარე, რომ ბორტზე სადაზვერვო ინფორმაციის გამცემი, ვაშინგტონის მიერ ძებნილი ედუარდ სნოუდენი იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG