ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი თარჯიმნები სასიკვდილო საფრთხის გამო აშშ-ში თავშესაფარს ითხოვენ 


ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორი სახელმწიფოები ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ. გადაწყვეტილება საბოლოოა. 20 წლიანი ომის დასრულების შესახებ განცხადება ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა. პარალელურად, განცხადებები გაკეთდა ნატოში. ორგანიზაცია წევრ ქვეყნებთან ერთად ამბობს, რომ ავღანეთიდან ჯარი გაჰყავს.

პროცესს ავღანეთში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა ახლა ყველაზე დიდ საფრთხის ქვეშ ის პირები არიან, რომლებიც ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს დახმარებას წლების განმავლობაში უწევდნენ. მათი უმრავლესობა თარჯიმანია, რომლებიც განუწყვეტლივ იღებენ მუქარის შემცველ გზავნილებს. ისინი ამბობენ, რომ თუ ქვეყანას სექტემბრამდე არ დატოვებენ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ.

"ჩვენ არ ვართ უსაფრთხოდ. უკვე მივიღე შეტყობინება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებს ყველას მოგვკლავენ," - ამბობს 41 წლის აიაზუდინ ჰილალი, რომელიც წლებია თარჯიმნად მუშაობს. ჰილალი ამბობს, რომ ის მარტო არ არის და მის მდგომარეობაში ავღანეთში ბევრი ადამიანია.

იმ პირებისთვის ვინც ამერიკის ჯარებს ავღანეთში ეხმარებოდა, სპეციალური სავიზო პროგრამა არსებობს. ვიზების გაცემა, ბოლო წლების განმავლობაში გართულდა განსაკუთრებით პანდემიის დროს. პროცესი ხანგრძლივია რადგან ვიზის მსურველების უსაფრთხოების შემოწმება სკრუპულოზურად ხდება.

20 წლის შემდეგ ავღანეთში ომი დასრულდა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

აიაზუდინ ჰილალი ერთ-ერთია ვინც სავიზო აპლიკაცია შეავსო, თუმცა უარი მიიღო. როგორც ამბობს, მას შემდეგ რაც გაიგო რომ ამერიკელები ავღანეთს ტოვებდნენ აპლიკაცია შეავსო, რათა ოჯახთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. ის ამბობს, რომ თუ ავღანეთში მოუწევს დარჩენა, ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება.

რა გახდა ვიზაზე უარის თქმის მიზეზი ჰილალმა არ იცის. ამბობს, რომ მას ამერიკული ოცეულის მეთაურის სარეკომენდაციო წერილიც აქვს და მადლიერების მედალიც თუმცა, ამან არ იმუშავა.

საფრთხე, რომ რეალურია ამას რიცხვებიც მოწმობს. 20 წლიანი ომის პერიოდში თალიბებმა ასობით ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დასავლეთის ჯარებს ეხმარებოდნენ. მხოლოდ ამ მიზეზით 2016 წლის შემდეგ თალიბებმა ავღანეთში 300-ზე მეტი თარჯიმანი მოკლეს.

"ისინი [თალიბები] აპირებენ ჩვენს მოკვლას," - ამბობს მოჰამედ შოაიბი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში თარჯიმნად მუშაობდა. ის გასულ კვირას სხვა თარჯიმნებთან ერთად ქაბულში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ამერიკელებისგან დახმარებას ითხოვდნენ. აქციაზე თარჯიმნები ყვებოდნენ იმ მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ, რომლებიც მათ თალიბებისგან მიიღეს.

"იხსენით ჩვენი სიცოცხლე", "ნუ დაგვტოვებთ მარტო" - ასეთი იყო პლაკატები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ. თარჯიმდები ახლა დახმარებას ამერიკისგან, ევროპისგან, კანადისგან და ავსტრალიისგან ელიან.

ამერიკის სპეციალური სავიზო პროგრამა 2009 წლის შემდეგ არსებობს და ის შეფერხებებით ხორციელდება. პრობლემის მოგვარებაზე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის დაეხმაროს თარჯიმნებს და ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობას.

ვიზის მსურველი ბევრია საუბარია, დაახლოებით, 4 000 ადამიანზე, რომლებიც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებს დახმარებას წლების განმავლობაში უწევდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG