ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა 12-15 წლის მოზარდების აცრას იწყებს


ამერიკამ შესაძლოა 12-დან 15 წლამდე მოზარდების კოვიდ-19-ზე აცრა უკვე ხუთშაბათიდან დაიწყოს. შეერთებული შტატების მარეგულირებელმა სააგენტოებმა ამერიკული "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა ამ ასაკის ბავშვების ასაცრელად ორშაბათს საღამოს დაამტკიცა.

ეს ხდება მაშინ, როცა ვაქცინაციის ტემპები ქვეყანაში საგრძნობლად დავარდა. პანდემიის დასრულებისთვის კი მოსახლეობის უმეტესი ნაწილის იმუნიზაციაა საჭირო.

"ფაიზერის" ვაქცინა პირველია, რომელიც 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის დამტკიცდა. აქამდე ვაქცინაცია მხოლოდ 16 წლიდან იყო ნებადართული. გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში მარტში დასრულებულ კვლევას ეფუძნება, რომელმაც მოზარდებში დაავადების პრევენციის 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ბავშვების და მოზარდების კოვიდ-19-ზე აცრა მნიშვნელოვანია არამარტო მათი სკოლებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის, არამედ ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის. ბავშვების უმეტეს ნაწილს კოვიდ-19 უსიმპტომოდ, ან მსუბუქად გადააქვს, თუმცა ისინი ვირუსს მაინც ავრცელებენ. ამერიკაში ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტია, როცა ვირუსის აფეთქება სკოლის სპორტულ ღონისძიებზე ან სხვა ჯგუფური აქტივობის შემდეგ მოხდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარეგულირებლების მიერ ორშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას "ვირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემი განვითარება" უწოდა. მან შტატებს მოუწოდა იმუნიზაციის ისე ორგანიზებისკენ, რომ "ფაიზერის" ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG