ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვს და პრაღას შორის დიპლომატიური ბზარი ღრმავდება


რუსეთის საელჩოს შენობა პრაღაში
რუსეთის საელჩოს შენობა პრაღაში

ხუთშაბათს ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა დამატებითი რაოდენობა გააძევა. გასულ კვირას პრაღამ ქვეყნის დატოვება რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს უბრძანა, რაც მათი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობით ახსნა. დიპლომატებს ჩეხეთის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს.

დიპლომატების გაძევება ჩეხეთში 2014 წლის ოქტომბერში მომხდარ სისხლიან აფეთქებას უკავშირდება, რომელიც ჩეხეთის იარაღის საწყობში მოხდა და რომელიც თავიდან შემთხვევითობად ჩათვალეს. თუმცა, გასულ კვირაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქვეყნის სამართალდამცველ სტრუქტურებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ აფეთქება წინასწარგანზრახული ქმედება იყო და ამ ფაქტთან კავშირში რუსი დიპლომატები არიან. პრემიერის თქმით, მათი კვალი ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილ რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის თანამშრომლებამდე მიდის.

საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების გამო ჩეხეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. პერიოდული აფეთქებები ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. პრაღა იძულებული გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა. ჭურვების ნამსხვრევებისგან დაახლოებით 800 მეტრის რადიუსის ტერიტორიის გაწმენდა კი, გასული წლის შემოდგომამდე გაგრძელდა და საკმაოდ ძვირი დაჯდა.

მოსკოვმა პრაღის ბრალდება უარყო. პასუხად, კვირას რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა. ჩეხეთის საგარეო უწყებამ არაპროპორციული რეაქციის გამო ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრაღას მაისის ბოლომდე რუსეთის საელჩოს 60-მდე თანამშრომელი დატოვებს. მანამდე კი ჩეხეთმა ნატოს და მოკავშირეებს ევროპის კავშირში მოუწოდა, რუსეთის ქმედებაზე საკადრისი რეაქცია მიეცათ.

"პრაღა ურთიერთობების განადგურების გზას ადგას" - ხუთშაბათსვე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. "პასუხი არ დააყოვნებს" - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG