შეერთებული შტატების ჯანდაცვის სააგენტოებმა სამშაბათს შტატების ჯანდაცვას ურჩიეს დროებით შეაჩერონ "ჯონსონი და ჯონსონის" მიერ წარმოებული ერთდოზიანი კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენება. ერთობლივი განცხადება დღეს გააკეთეს ექიმმა ანნე შუჩატმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ექიმმა პიტერ მარკსმა, აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ბიოლოგიის, ევალუაციის და კვლევების ცენტრის დირექტორმა.
საქმე იმაშია, რომ 6 ადამიანში "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინით აცრის შემდეგ, თრომბოზის შემთხვევები აღირიცხა. ამერიკაში აღნიშნული ვაქცინის 6.8 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული. შესაბამისად, თრომბის განვითარების შანსი ამ ეტაპზე მილიონში ერთზე ნაკლებია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარის ყურადღებით შესწავლა უნდა მოხდეს.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში ამასთან დაკავშირებით სხდომა ოთხშაბათს ჩაინიშნა და ვაქცინის ამ შესაძლო, ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენის დეტალებზე მოგვიანებით შევიტყობთ. ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ ექვსივე შემთხვევაში საუბარია ქალებზე 18-დან 48 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
6 ქალიდან ერთი გარდაიცვალა. მეორე ნებრასკის შტატის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს - იტყობინება "ნიუ-იორკ თაიმსი". ექვსივე შემთხვევაში, მოვლენები აცრიდან 6-13 დღეში განვითარდა. კომპანია "ჯონსონი და ჯონსონის" წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამერიკაში მომხდარს უკვე ადარებენ "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის გვერდით მოვლენებს ევროპის ქვეყნებში. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, ფილიპინებმა და ბრიტანეთმა უკვე შეცვალეს "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის ადმინისტრირების წესი.
ორივე ვაქცინა ცივი, ინაქტივირებული ვირუსული ვექტორის ერთმანეთის მსგავს ტექნოლოგიას იყენებს, უთხრა დღეს ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" ექიმმა კარლოს დელ რიომ. ის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი და სამედიცინო სკოლის დეკანია. ის ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა, მაგალითად "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" მიერ გამოყენებული ვაქცინის დამზადების მეთოდისგან. "ასტრაზენეკას" და "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის მსგავსია რუსული "სპუტნიკ-ვის" ტექნოლოგია.
"ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა... როცა ვაქცინის მილიონობით დოზის ადმინისტრირებას იწყებ, მსგავს მოვლენებზე მხოლოდ ამის შემდეგ იგებ. კლინიკურ კვლევებში ხომ მილიონობით ადამიანი არ გყავს" - განმარტა პროფესორმა. მან იქვე მიულოცა ამერიკის ჯანდაცვის სააგენტოებს, რომ მომხდარის შესწავლა "ძალიან სწრაფად" დაიწყო. "ვაქცინის უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტი იყო და ვფიქრობ, ეს ზუსტი და სწორი ნაბიჯია, ვიდრე არ გავიგებთ, თუ რა ხდება ახლა და მომავალში როგორ მოვიქცეთ" - განაცხადა კარლოს დელ რიომ.
ვაქცინაციის ახალი გზამკვლევი ევროპაში მას შემდეგ შემოიღეს, რაც წინა კვირაში, ოთხშაბათს, ევროკავშირის მარეგულირებმა "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის ძალზე იშვიათ და შესაძლო ფატალურ თრომბოზთან კავშირზე ისაუბრა. ბრიტანეთი, სადაც ვაქცინა ბრიტანულ-შვედური კომპანიის "ასტრაზენეკა" და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შეიქმნა, განაცხადა, რომ ზრდასრულებს 30 წლამდე სხვა ალტერნატივას შესთავაზებს.
მომხდარს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში, იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი სწავლობს. თითოეულ შემთხვევას განიხილავენ საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაშიც. "ვიდრე ეს პროცესი არ დასრულება, სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია შეჩერდეს ვაქცინის გამოყენება. ეს მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ჯანდაცვის მომსახურების ორგანიზაციები პოტენციური გვერდითი მოვლენების საქმის კურსში იყვნენ და შეძლონ შესაფერი მენეჯმენტისთვის მომზადება, ამ ტიპის თრომბის განვითარების მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში" - ნათქვამია სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში.
Facebook Forum