ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველა ბრიტანელს შეეძლება კვირაში ორჯერ ტესტირება - ლონდონი


კოვიდ-19-ის გამო დაღუპულთა მემორიალი ლონდონში
კოვიდ-19-ის გამო დაღუპულთა მემორიალი ლონდონში

ბრიტანეთი პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის და აცრების შემდეგ, უპირატესობას მასობრივ ტესტირებას ანიჭებს. ნებისმიერ ბრიტანელს, ზრდასრულს თუ ბავშვს, შეეძლება კოვიდ-19-ზე კვირაში ორჯერ რუტინულად აიღოს ანალიზი, რათა ახალი აფეთქებები გამოვრიცხოთ - აცხადებს ლონდონი.

ქვეყანაში რამდენიმეთვიანი კარანტინის მოხსნისთვის ემზადებიან. თუმცა, ფრენებზე შეზღუდვა მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ უსიმპტომო ადამიანების კოვიდ-19-ზე სისტემატურად გასინჯვა არამარტო ახალი აფეთქებების პრევენციის გზაა, არამედ ძველი ცხოვრების დაბრუნების შანსია, "რათა კვლავ შევძლოთ იმ ხალხის ნახვა, ვინც გვიყვარს და იმის კეთება, რაც გვსიამოვნებს".

ამ მიზნით მთავრობა მოსახლეობისთვის პარასკევიდან სწრაფი ტესტერების უფასოდ მიწოდებას დაიწყებს. ტესტერებს ბრიტანელები აფთიაქებიდან ფოსტით მიიღებენ როგორც სახლებში, ისე სამსახურებში.

სწრაფი ტესტები ე.წ. პი-სი-არ ტესტსებთან შედარებით, გაცილებით დაბალი სიზუსტით გამოირჩევა. მაგრამ, ბრიტანეთის მთავრობა დაბეჯითებით აცხადებს, რომ მათზე დაყრდნობა შეიძლება.

კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, უზუსტობა ყოველ 1000 სწრაფ ტესტში ერთზე ნაკლებია - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ედვარდ არგარი "სქაი-ნიუსთან" ინტერვიუში. შესაბამისად, ეს სიზუსტის მაინც მაღალი მონაცემია და სწრაფ ტესტს "ნამდვილად შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ბიზნესების გახსნაში, რადგან მისი ადმინისტრირება ძალიან ადვილია" - აცხადებს მინისტრი.

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის გართულებებით 127 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, ახლა ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მონაცემები ბრიტანეთში ევროპასთან შედარებით გაცილებით დავარდნილია.

შედეგს კარანტინის პარალელურად, ინტენსიური ვაქცინაციის კამპანიით ხსნიან. კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია 31 მილიონი ადამიანი, ანუ ბრიტანელთა ნახევარზე მეტი, 10-დან 6 ადამიანი.

მთავრობა ვაქცინირებულთათვის სპეციალური სერტიფიკატების სისტემის შემოღებასაც განიხილავს. ეს ე.წ. ვაქცინის პასპორტები ადამიანებს მოგზაურობაში და მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებაში დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG