რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედს არ სურს მიიღოს რუსული ვაქცინა „სპუტინიკ V”. დაახლოებით ამავე რაოდენობას მიაჩნია, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა, როგორც ბიოლოგიური იარაღი. მონაცემებს, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებს.
„ლევადა ცენტრის“ განცხადებით, გასულ თვეში ჩატარებულმა კვლევმ აჩვენა, რომ გამოკითხულ ადამიანთა 62%-ს რუსული წარმოების ვაქცინის გაკეთება არ სურს. ვაქცინის მიმართ, განსაკუთრებით მაღალი უნდობლობა 18-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაშია.
გამოკითხულთა უმეტესობა ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზად გვერდით ეფექტებს ასახელებს, როგორიცაა ცხელება და დაღლილობა.
კვლევა რუსეთის 50 რეგიონში ჩატარდა და მის ფარგლებში 1 601 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.
კორონავირუსის წარმომავლობა პოლიტიკურ საკითხად იქცა, მაგრამ ვირუსოლოგთა და ინფექციურ დაავადებთა სპეციალისტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ იგი ბუნებრივად განვითარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გასულ თვეში ჩინეთში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა დადასტურდეს გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ვირუსმა ლაბორატორიიდან გააღწია.
მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ კვლავ ძალაშია ჰიპოთეზა ვირუსის ღამურებიდან გავრცელების შესახებ. ასევე, რამდენიმე ვერსია არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა ვირუსი ადამიანზე გადასულიყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გადაცემა შესაძლოა ცხოველის სხვა სახეობისგან მომხდარიყო და არა ღამურისგან.
მოსაზრება, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, როგროც ბიოლოგიური იარაღი, განსაკუთრებით ჭარბობს რუსეთის მოსახლეობის 40-54 ასაკობრივ ჯგუფში. მათგან 71% სწორედ ამ მოსაზრებას იზიარებს. მხოლოდ 23%-ს მიაჩნია, რომ ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4,3 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. ქვეყანამ, მასობრივი ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. 10 თებერვალს, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ „სპუტნიკ V”-ს მინიმუმ ერთი დოზით, 2 მილიონზე მეტი რუსი აიცრა.
Facebook Forum