შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ არ აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კონგრესის მიერ გამარჯვებულად დამტკიცებას.
ამ განცხადებით, პენსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლითაც პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება და არჩევნების შედეგების ერთპიროვნულად დაბლოკვისკენ საჯაროდ მიანიშნა.
„ეს ჩემი გააზრებული შეხედულებაა, რომ "მხარი დავუჭირო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია" მზღუდავს იმაში, რომ ერთპიროვნული ძალაუფლებით გადავწყვიტო საარჩევნო კოლეგიის რომელი ხმა უნდა დაითვალოს და რომელი არა,“ დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა სამგვერდიან წერილში, რომელიც კანონმდებლებს გაუგზავნა.
ოთხშაბათს კონგრესის გაერთიანებული სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონგრესმა საარჩევნო კოლეგიის ხმების სერთიფიცირება უნდა მოახდინოს. გაერთიანებულ სხდომას, ტრადიციულად, ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. რამდენიმე დღის წინ, გაჩნდა შეხედულება, რომ ვიცე-პრეზიდენტი პენსი პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებოდა. თუმცა, დღეს პენსი, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერ ნენსი პელოსისთან ერთად, სხდომაში მონაწილეობს.
საარჩევნო პროცესში ეს ბოლო ნაბიჯია, რის შემდეგაც არჩეული პრეზიდენტის სახელმწიფოს მეთაურად-პრეზიდენტად ინაუგურაცია გაიმართება.
Facebook Forum