ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა შეერთებულ შტატებში შობა კორონავირუსთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად აღნიშნა. პოლიტიკური ლიდერები და ჯანდაცვის სპეციალისტები მოუწოდებდნენ ამერიკელებს, არ ემოგზაურათ და დღესასწაული მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან, იმავე სახლში მცხოვრებლებთან ერთად აღენიშნათ. ევროპაში კი ამავე დროს ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.
"დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" ინფორმაციით, 14 დეკემბრის შემდეგ ამერიკაში მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი ინექცია. თუმცა, ეს ინფიცირებულთა ბოლოდროინდელ ზრდას ჯერ ვერ შეაჩერებს. ამერიკის მთავარი ინფექციონისტი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ე.წ. "ჯოგური იმუნიტეტი" მხოლოდ მოქალაქეთა უდიდესი რაოდენობის, შესაძლოა 90 %-მდე აცრის შემდეგ იყოს მიღწეული.
"ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რა არის რეალური რიცხვი. ვფიქრობ, ეს სადღაც 70-დან 90 %-მდეა" - ამბობს ფაუჩი.
ენტონი ფაუჩი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწევდა რეკომენდაციებს და სპეციალური ჯგუფის წევრი იყო, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დახმარებასაც განაგრძობს. ის ამბობს, რომ თუკი წლის დასაწყისში მიაჩნდა, რომ "ჯოგური იმუნიტეტის" მიღწევა მოსახლეობის 60-70%-ის აცრით იქნებოდა შესაძლებელი, ახლა ფიქრობს, რომ ეს რიცხვი უფრო მაღალი უნდა იყოს. თავად ენტონი ფაუჩი, გასულ კვირას "მოდერნას" ვაქცინით აიცრა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო კვირის მანძილზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით, დღეში 3 000-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდებოდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის მსხვერპლის რაოდენობა ქვეყანაში 326 000-ს აჭარბებს.
ბოლო დროს ყველაზე მძიმე მდგომარეობა კალიფორნიასა და ახლა უკვე ტენესის შტატებშია. გუბერნატორები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. გასული 7 დღის განმავლობაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, შტატში საშუალოდ 119 ინფიცირებული იყო. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ეს ყველა შტატს შორის ყველაზე მაღალი მონაცემია. კალიფორნია ამ მონაცემით მეორეა და ყოველ 100 000 მოსახლეზე აქ 105 ინფიცირებულია. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება როდ-აილენდისა და არიზონის შტატებშიც.
Facebook Forum