ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმა, მთავრობისთვის მეტი ძალაუფლების მისაცემად, "უცხოეთის აგენტის" კანონს აფართოებს


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ რამდენიმე საკამათო კანონპროექტი დაამტკიცა, რომლებიც მთავრობას მეტ ძალაუფლებას აძლევს რუსეთში მოქმედი ორგანიზაციები და ცალკეული პირები „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადოს. კანონპროექტი ამ პირებისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი საკუთარ საქმიანობას სწორად არ განაცხადებენ.

ადამიანის უფლებების დამცველების და ოპოზიციის შეფასებით, ეს კანონპროექტები დემოკრატიული პროცესისთვის ძირგამომთხრელია.

სახელმწიფო სათათბიროს მიერ 23 დეკემბერს დამტკიცებული კანონმდებლობა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონში შესწორებების სერიას მოიცავს. ამ კანონით ორგანიზაციებმა, რომლებსაც ამ კლასიფიკაციებს მიანიჭებენ, საკუთარი საქმიანობის შესახებ უნდა განაცხადონ, რის შემდეგაც მათ ფინანსური აუდიტი ჩაუტარდებათ.

ცვლილებები ზრდის იმ ინდივიდების და ჯგუფების სპექტრს, რომლებსაც “უცხოეთის აგენტები” შეიძლება ეწოდოს, შემოაქვს ახალი შეზღუდვები, ახალი სარეგისტრაციო და საინფორმაციო მოთხოვნები და მედია საშუალებებს ავალდებულებს ამ ინდივიდების თუ ჯგუფების გაშუქების დროს ისინი „უცხოეთის აგენტებად“ მოიხსენიონ.

ახალი კანონით, “უცხოეთის აგენტების” სიაში უნდა მოხვდნენ ინდივიდები, მათ შორის, უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ პროცესებს აშუქებენ, ან აგროვებენ მასალებს და მონაცემებს რუსეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე.

ამავე დროს, პირებს, რომლებსაც “უცხოეთის აგენტების” კლასიფიკაციას მიუსადაგებენ, უფლება არ ექნებათ იმუშაონ საჯარო სამსახურში ან მუნიციპალურ მთავრობაში. წერილებზე, რომლებითაც ისინი მთავრობას მიმართავენ და სხვა მასალებზე, მათ “უცხოეთის აგენტი” უნდა მიუთითონ.

გასულ თვეში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, "საერთაშორისო ამნისტიამ" მწვავედ გააკრიტიკა კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის “მძლავრად ზღუდავს და ზიანს აყენებს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც დაფინანსება რუსეთის გარედან აქვთ, არამედ ბევრ სხვა ჯგუფსაც.”

მეორე კანონპროექტი, რომელიც ასევე 23 დეკემბერს დამტკიცდა, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც “უცხოეთის აგენტებს” უწოდებენ და რომლებიც ოფიციალურ უწყებებს არ შეატყობინებენ თავიანთ სტატუსს, და/ან მთავრობაში არ განაცხადებენ თავიანთი საქმიანობის შესახებ.

“უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, თავდაპირველად 2012 წელს იქნა მიღებული. კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი სამიზნე რუსული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველები და პოლიტიკურ აქტივისტები არიან. მათ შორის, კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და მისი ანტიკორუფციული ფონდი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG