შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 250 000-ს გადასცდა. ქვეყნის ბევრ ნაწილში შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ნიუ-იორკის მერმა 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქმა სკოლების დახურვის და ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გადაწვეტილება მიიღო. შვიდი დღეა რაც ქალაქში, შემთხვევები იზრდება და გასინჯულთა შორის, ინფიცირებულთა პროცენტული რაოდენობაც უკვე 3%-ს აჭარბებს.
„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კოვიდ-19-ის მეორე ტალღას“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ „ტვიტერზე“.
სკოლები ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაიხსნა. სხვა დიდმა ქალაქებმაც, როგორიცაა ბოსტონი და დეტროიტი, ასევე მიიღეს სკოლების ხელახალი დახურვის გადაწვეტილება.
შეერთებულ შტატებში, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით 11.5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის სექტორს რეკორდულად მაღალი რაოდენობის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებთან გამკლავება უწევს. შემთხვევების ზრდამ ბევრ შტატში განაპირობა ახალი შეზღუდვების დაწესება. მინესოტის გუბერნატორი ერთ-ერთი უკანასკნელია მათგან, ვინც რამდენიმე კვირით შტატში რესტორნების, ბარების და სპორტ-დარბაზების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური პირები გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა შტატებიდან ბევრი ამერიკელი გაემართება საკუთარ ოჯახებთან მადლიერების დღის აღსანიშნად. ვირჯინიის გუბერნატორმა, რალფ ნორტამმა მოსახლეობას მოუწოდა სახლში დარჩნენ. მისი თქმით, თუ ადამიანები მაინც გადაწყვეტენ დღესასწაული აღნიშნონ ეს მცირე ჯგუფსა და ღია სივრცში უნდა გააკეთონ.
აღნიშნულისკენ მოუწოდა ასევე ჯანდაცვის და ადამიანის რესურსების დეპარტამენტის მდივანმა, ალექს აზარმა.
ამ კვირაში გაკეთებული განცხადებები, რომ ორი ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ კლინიკური ცდების ბოლო ეტაპზე ვაქცინის კანდიდატებმა 90 და 95-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, ოპტიმიზმის საფუძველი გახდა. მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვაქცინის კანდიდატებს მწვანე შუქს მისცემს, მათი დისტრიბუციის დასაწყებად, თადარიგი უკვე დაჭერილია.
Facebook Forum